შეერთებული შტატების დიპლომატები უკრაინაში რამდენიმე კვირის განმავლობაში დაბრუნდებიან. კიევში ვიზიტით ყოფნისას ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ. ვაშინგტონი, რუსეთის თავდასხმასთან გამკლავების მიზნით, კიევისთვის კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების მიწოდებას გეგმავს.
უკრაინიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრემლი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის სასტიკად განადგურებას ცდილობს, თუმცა "უკრაინელები მტკიცედ დგანან და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი, და პირდაპირი გაგებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მიერ კოორდინირებული მხარდაჭერით". ბლინკენი კიევში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.
ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნები უკრაინაში ვიზიტის დროს შეხვდნენ ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და ბევრ სხვა ოფიციალურ პირს. შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საჭიროებების უშუალოდ ქვეყნის პირველი პირისგან შეტყობა და ასევე იმის ჩვენება, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ კონფლიქტში. მათ შორის საუბარი 3 საათი გრძელდებოდა. "გვსურს, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად, რათა ეს ყოველივე საუკეთესო გამოსავლით და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს" - განაცხადა ბლინკენმა.
ზელენსკის ოფისის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, დისკუსია უკრაინის თავდაცვის და ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხებოდა. კიევმა აქცენტი გააკეთა რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე. "ჩვენ გარკვევით ვიცით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით და პარტნიორების ხელშეწყობის იმედი გგვაქვს" - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკა უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებს მიაწვდის. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსება $713 მილიონს გადააჭარბებს. "ამაში შევა უკრაინის და 15 სხვა პარტნიორი ქვეყნის დაფინანსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, თუ ბალკანეთში... უკრაინა მიიღებს იმ საშუალებებს, რაც მას ესაჭიროება, განსაკუთრებით - დონბასისთვის ბრძოლაში".
ვაშინგტონის მიერ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი სრული თანხა $3.4 მილიარდს შეადგენს. ჯამში კი, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ეს თანხა $4.3 მილიარდს აჭარბებს.
შეერთებული შტატების დიპლომატები მუშაობას ჯერ ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში და შემდეგ უკვე კიევში განაახლებენ. სახელმწიფო მდივან ბლინკენის თქმით, სავარაუდოდ, ეს პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის ნომინანტად ბრიჯიტ ბრინკის დასახელებას გეგმავს. ბრინკი ამჟამად ელჩად სლოვაკეთში მსახურობს.
კიევში დიპლომატების დაბრუნებას ევროპის კავშირის და ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა გეგმავს. მათ შორის არიან: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, სლოვაკეთი და სლოვენია. გაერთიანებული სამეფოს მთაავრობამ პარასკევს განაცხადაა, რომ კიევში მუშაობას ბრიტანეთის საელჩოც განაახლებს.
Facebook Forum