უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება

დენის შმიჰალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამხედრო დახმარების საკითხის განსახილველად, ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრა პრაღაში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ გაავრცელა.

დაგეგმილი შეხვედრის წინ საუბრისას, ფიალამ გაიმეორა, რომ ჩეხეთის ინიციატივით შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი ტვირთი, უკრაინაში ივნისში ჩავა.

ასევე ნახეთ: ლანდსბერგისი ამბობს, რომ უნგრეთის ვეტოების პრობლემის გადასალახად გზა უნდა მოინახოს

„ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც ამ რთულ მომენტებში, უკრაინის დახმარების კოორდინაციას და გაძლიერებას ეხება“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, სამშაბათ საღამოს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას ნიდერლანდების, დანიისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები, ასევე პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება.

სამშაბათს, ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ უკრაინას „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილებს გადასცემს. ამასთან, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებთან სისტემის სრული აწყობის მიზნით.

ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი: კიევს აქვს „უკრაინის გარეთ, ლეგიტიმურ სამიზნეებზე“ დარტყმის უფლება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე გაიმეორა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოზიცია და თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, უნდა გააუქმონ შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავს, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმისთვის გამოიყენოს.