ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლანდსბერგისი ამბობს, რომ უნგრეთის ვეტოების პრობლემის გადასალახად გზა უნდა მოინახოს


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უნგრეთს აკრიტიკებს. ამის მიზეზი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბუდაპეშტის პოზიციაა, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებებს აფერხებს და ბლოკს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ურთულებს. ლანდსბერგისი ამბობს, რომ ევროკავშირმა უნგრეთის ვეტოსთვის გვერდის ავლის გზა უნდა იპოვოს.

ლანსბერგისის მკაცრი კრიტიკა გამოხატავს იმ მზარდ იმედგაცრუებას, რაც ევროკავშირში უნგრეთის მიმართ გროვდება. ბუდაპეშტის მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვის ტაქტიკის თაობაზე, უკმაყოფილება გამოხატეს ესტონეთმა და იტალიამაც.

"ვფიქრობ, გამჭვირვალენი უნდა ვიყოთ იმის შესახებ, თუ როგორია ახლა უნგრეთის პოზიცია. თითქმის ყველა ჩვენი დისკუსია, გამოსავალი თუ გადაწყვეტილება, რომელზეც ევროკავშირი მუშაობს, ერთი ქვეყნის მიერ იბლოკება. უნდა შევხედოთ ამას, როგორც სისტემურ მიდგომას ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რასაც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის კუთხით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად იღებს", - თქვა ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე დასასწრებად ვიზიტისას.

ევროკავშირის გადაწყვეტილებები, საგარეო პოლიტიკის კუთხით, 27-ივე წევრის თანხმობას მოითხოვს. უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, თავად ეს არ გაუკეთებია და ევროკავშირსაც ადანაშაულებს იმაში, რომ კიევისთვის იარაღით დახმარება, სინამდვილეში, ომს ახანგრძლივებს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორშაბათის შეხვედრებამდე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდა.

ლანდსბერგისმა ისიც თქვა, რომ უნგრეთის პოზიციები, ხშირად, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემთხვევა, იქნება ეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, უკრაინასა თუ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თუ სხვა საკითხების წინააღმდეგ წასვლა.

"ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და როგორც ირკვევა, უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეზოლუციების დაახლოებით 41 % უნგრეთს აქვს დაბლოკილი. ეს [პრობლემა] უკვე ძალიან, ძალიან შორს წავიდა. ჩვენ, ერთად უნდა ვიპოვოთ გზა იმისთვის, რომ ამას გვერდი ავუაროთ", - ამბობს ლანდსბერგისი.

XS
SM
MD
LG