ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაბრიელუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია


ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, 15.05.2024
ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, 15.05.2024

“ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ”, განაცხადა თბილისში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა. მან ასევე დასძინა, რომ "ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან - ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს".

ამავე თემაზე, კონკრეტულად კი გლობალური ომის პარტიის შესახებ ნარატივზე მიკროფონი დაუთმეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. მარგუს ცაჰკნამ აღნიშნულს „ყალბი“ უწოდა.

“ხუმრობა არ არის, ვინაიდან, სერიოზული რამეა და კრემლის ნარატივია. კრემლის ნარატივია და აქ ამაზე დებატებიც კი ისეთი რამეა, რისი გაკეთებაც არ გვსურს, ვინაიდან, ეს ყალბი ნარატივია."

მისი თქმით, "საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი სურვილი, არსებობს იგივე ღირებულებების გაზიარების დიდი სურვილი, და ამ სამყაროში კრემლის ნარატივების ადგილი არ არის”, - განაცხადა ცაჰკნამ.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტრმა კი განაცხადა: „არა მგონია, რომ რაიმე სარგებელი ჰქონდეს ამაზე [გლობალური ომის პარტიაზე], რომ რამე ვრცლად ვთქვა. მართლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. და, ვგონებ, ეს თავისთავად პასუხია“.

საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ჩავიდნენ.

XS
SM
MD
LG