ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმი - ასე შეაფასა „ფრიდომ ჰაუზმა“ წელს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა "გარდამავალი ქვეყნების" შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში. წლების განმავლობაში ქვეყანა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ჰიბრიდულ, რუხ ზონაშია. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელ კვლევაში, ის ისეთი ქვეყნების კატეგორიაშია დასახელებული, როგორებიც სერბეთი და უნგრეთია. ანალიტიკოსების შეფასებით, მართალია, შედარებით ნაკლები სიმწვავით, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობა საქართველოს მმართველი გუნდისგანაც ნათელია. როგორ აფასებენ „ფრიდომ ჰაუზში“ ბოლოდროინდელ მოვლენებს და მათ გავლენას დემოკრატიაზე - ჩვენ ეს და სხვა კითხვები ორგანიზაციის უფროს კვლევით ანალიტიკოსს და კვლევის თანაავტორს, მაიკ სმელცერს დავუსვით.
რა ეტაპზეა საქართველო „ფრიდომ ჰაუზის“ წლევანდელ ანგარიშში და რა ადგილი უკავია მას „გარდამავალ დემოკრატიათა“ შორის?
ბევრ ასეთ ქვეყანაში ამგვარი კანონების - იქნება ეს „უცხოური გავლენის“ შესახებ, „უცხოური დაფინანსების“, „აგენტების“ თუ „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ - დანიშნულება არის ის, რომ ამოიღონ მიზანში და გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება თუ პოლიტიკური ოპოზიცია, ძირი გამოუთხარონ „სხვა ხმებს“ საზოგადოების შიგნით.
ეს კვლევა 2023 წლის მოვლენებს აანალიზებს. ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ჰქონდა არჩევანი თავისი პოლიტიკური და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდირებასა და საჭირო რეფორმების განხორციელებას შორის იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო. როგორც ჩანს, მან აირჩია ძალაუფლების კონსოლიდირება და ჩვენ დავინახეთ პრობლემები.
ერთ-ერთი ისაა, რომ როდესაც საქართველოს ქულას ისტორიულ პერსპექტივაში ვუყურებთ, მას დაღმავალი დინამიკა აქვს. ამ წლის ანგარიშში ჩვენ აღვწერთ მას, როგორც „ავტოკრატიისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმს“, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში აჩვენა დემოკრატიისთვის უარყოფითი ტენდენცია. ცხადია, გასულ წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ეს დიდწილად განაპირობა, იყო „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონმდებლობის პარლამენტში წარდგენა, რამაც ფართომასშტაბიანი პროტესტი და წლის უდიდესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოვიდნენ გარეთ და ეს კანონპროექტი გააპროტესტეს. ამას თან ახლდა მზარდი საერთაშორისო წნეხიც. „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო კანონპროექტი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არსებობს ეს დინამიკა სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. მართალია, საქართველოს ქულა ამ წელს არ შეცვლილა, მაგრამ ეს მიანიშნებს გარკვეულწილად იმას, რომ საქართველო ვერ ახერხებს სტრუქტურულ წინსვლას დემოკრატიის კუთხით. ახლა კი, ამ კანონპროექტის ხელახლა წარმოდგენის გამო პროტესტი გრძელდება.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება გასულ წელს „გადაურჩა ამ კანონის საფრთხეს“. თქვენ მას კვლევაში „რუსული სტილის კანონად“ მოიხსენიებთ. აგვიხსენით, რას ნიშნავს მისი მიღება ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებისთვის? მათ შორის იმ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის, რომელთა საქმიანობასაც დიდწილად სწორედ საერთაშორისო დონორები აფინანსებენ?
ამ კანონის თავიდან შემოთავაზება ნამდვილად არის ავტოკრატიისკენ მიმავალი იმ მახასიათებლების დემონსტრირება, როცა ხშირად, ასეთი ჰიბრიდული რეჟიმები, მთავრობები ეძებენ ხელსაყრელ მომენტს, რომ მიაღწიონ ძალაუფლების კონსოლიდირებას.
დიახ, ეს (კანონპროექტის უკან გაწვევა) განხილული იყო, როგორც პოლიტიკური განვითარება, დიდწილად იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო მთავრობაზე გავლენის მოხდენა, დარწმუნება იმაში, რომ მას უკან გაეწვია კანონპროექტი. ეს აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფოში კვლავ აქვს ძალა და გავლენა. ეს გარკვეულწილად განასხვავებს ამ ქვეყანას იმ სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც წელს „ავტოკრატიისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს” ვუწოდებთ. ასეთებია სერბეთი და უნგრეთი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო ნაკლები გავლენა აქვს მთავრობის ქმედებებზე.
მაგრამ, ამ კანონის თავიდან შემოთავაზება ნამდვილად არის იმ ავტოკრატიისკენ მიმავალი მახასიათებლების დემონსტრირება, როცა ხშირად, ასეთი ჰიბრიდული, რეჟიმები, კონსოლიდირებული ძალები, მთავრობები ეძებენ ხელსაყრელ მომენტს, როცა სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება ან გაფანტულია, ან სხვა საერთაშორისო მოვლენები ხდება. ეს იმისთვის, რომ თავიდან წარმოადგინონ კანონმდებლობა, რომელიც რეალურად მათი იმ პროექტის საფუძველია, რაც ძალაუფლების კონსოლიდირებას გულისხმობს.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ახლაც აპროტესტებს ამ “რუსულ კანონს”, რუსულს, რადგან ცხადია, კრემლი იყო ის, ვინც წარმოადგინა და გამოიყენა ამ ტიპის კანონმდებლობა მოწინააღმდეგეთა დასასჯელად.
თუმცა ამ ტიპის კანონმდებლოობის მიღება არაა უნიკალური მოვლენა საქართველოში. სხვა მსგავს ქვეყნებშიც ჩნდება ასეთი კანონები. მაგალითად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა სულ ახლახან, რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი მსგავს კანონმდებლობას. უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობამ შექმნა თავისი “სუვერენიტეტის დაცვის სამსახური”, რომელიც ამ ტიპის კანონმდებლობის კიდევ ერთი სახე და განხორციელებაა.
კონსოლიდირებულ დემოკრატიებშიც კი, მაგალითად სლოვაკეთში, მმართველი კოალიციის ერთმა წევრმა წარმოადგინა ასეთი კანონმდებლობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, სლოვაკეთის თუ სხვა საზოგადოებებისთვისაც, გააცნობიერონ, რომ ეს რეგიონის გამოწვევაა და თუკი სურთ იპოვონ საერთო, შემოქმედებითი გზა, მოძებნონ გამოსავალი გრძელვადიანი ცვლილების დასანერგად, მათ უნდა ითანამშრომლონ და ამ ქვეყნებში მოკავშირეებს შორის სოლიდარობა გააღრმავონ.
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ამ კანონის „რუსულ კანონად“ მოხსენიებას და ამბობს, რომ კანონპროექტი ევროპული და ამერიკული კანონმდებლობის მსგავსია და შესაბამისად, მისი „არადასავლურად“ ან მეტიც, „რუსულად“ შეფასება მცდარია. თქვენთვის რამდენად დასავლურად ან დემოკრატიულად გამოიყურება მსგავსი კანონის მიღება?
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმ გამოწვევაზე, თუ როგორ არის ფართოდ განმარტებული “უცხოური გავლენა”. ჩვენ ვხედავთ, როგორ ერევიან ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები სხვაგან ამა თუ იმ პროცესში, იქნება ეს ყოველდღიური დიპლომატია ბევრ ქვეყანაში, სახალხო დიპლომატია, თუ ასევე საკანონმდებლო და საარჩევნო საფეხურები. ასე რომ, არსებობს სურვილი, გაამყარო ქვეყნის სუვერენიტეტი და უზრუნველყო, რომ იქ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მთავრობისა და ხალხის მიერ.
სწორედ ესაა "ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული ქვეყნის" მახასიათებელი - სურვილი, რომ დაყოს საზოგადოების ერთობა დემოკრატიული იდეალების თაობაზე, დაყოს ადამიანები ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებში, იმისთვის, რომ ავტოკრატიისკენ მიმავალმა ლიდერებმა ამ დაპირისპირებით ისარგებლონ.
მაგრამ ამ ყველაფრის სამწუხარო მხარე ისაა, რომ ამას აქვს გავლენა იმ ქვეყნებზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება დამოკიდებული იყოს საგარეო დაფინანსებაზე. სადაც შეიძლება იყოს იმ რესურსების ნაკლებობა, რასაც ეროვნულ დონეზე მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და მათ მიერ საკუთარი, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად გამოყოფს. ასე რომ, მათ სჭირდებათ სხვა ქვეყნის მთავრობების, როგორც წესი დემოკრატიული მთავრობების მხარდაჭერა ამ მიმართულებებით.
მაგრამ, ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, რომ ბევრ ასეთ ქვეყანაში ამგვარი კანონების - იქნება ეს „უცხოური გავლენის“ შესახებ, „უცხო ქვეყნის დაფინანსების“, „აგენტების“ თუ „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ - დანიშნულება არის ის, რომ მათ მართლაც ამოიღონ მიზანში და გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება თუ პოლიტიკური ოპოზიცია. ისინი კონკრეტულად მიემართება იმას, რომ გააჩუმონ და ძირი გამოუთხარონ „სხვა ხმებს“ საზოგადოების შიგნით.
ვფიქრობ, ესაა შეშფოთების უმთავრესი საგანი - იმ კრიტიკული ხმების გაჩუმების პოტენციალი, რაც პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ნაწილია.
საქართველოში ამ კანონის მიღების შემთხვევაში, „უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება არაერთ მედია-საშუალებას მოუწევს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს წინასაარჩევნო პროცესის, ან თავად იმ არჩევნების გაშუქებაზე, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს და რომელსაც ყურადღებით აკვირდება ევროკავშირი?
ცხადია, ჩვენ გვსურს მრავალფეროვანი, მიუკერძოებელი მედია სექტორი. ეს ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მოქალაქეებს მიაწოდოს ზუსტი, სანდო ინფორმაცია მოვლენების შესახებ, რომ მათ შეეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელს, არჩევნების წინ. ასე რომ, ყველაფერი, რასაც ექნება შემზღუდავი ან უარყოფითი ეფექტი დამოუკიდებელ მედიაზე, საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაში, ექნება უარყოფითი ეფექტი.
დრო გვიჩვენებს, როგორ უპასუხებს ამას ამერიკა და ევროკავშირი, განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელი, საქართველოს კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით. მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამას დაუპირისპირდება და კიდევ ერთხელ მიაღწევს წარმატებას ამ კანონის უკან გაწვევაში.
უმთავრესი რამ, როცა არჩევნებზე ვსაუბრობთ, არის ინკლუზიურობა და დისკუსია. არა იმის მცდელობა, რომ ადამიანები პოლიტიკური რეალობიდან განვდევნოთ, არამედ პირიქით, გავაერთიანოთ ქართული საზოგადოება იმ დიდი გადაწყვეტილების ირგვლივ, თუ რა არის საქართველოს მომავალი. ეს ასევე საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოებაში მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას, მათი რეკომენდაციების სერიოზულად მიღებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გაერთიანდეს და იყოს ნაკლები კინკლაობა და მეტი ფიქრი იმის თაობაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ დემოკრატია, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ.
როგორც თქვით, საქართველო “ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდების" სიაშია. აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს და რამ იმოქმედა ამგვარ შეფასებაზე ყველაზე მეტად, იყო ეს კანონპროექტი, რომელზეც ვსაუბრობთ, თუ რომელიმე სხვა მოვლენაც მოექცა თქვენი ყურადღების ცენტრში?
ვფიქრობ, როცა ჩვენ საქართველო „ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდების“ ჯგუფში შევიყვანეთ, ეს არ იყო ერთი კონკრეტული ინციდენტის, ან ერთი მოვლენის თუ კანონის გამო. ეს გავაკეთეთ ამ ქვეყნების იმ ზოგიერთი საერთო მახასიათებლის გააზრებით, რის გამოც ისინი ჩვენს ცხრილში დაბლა მიდიან. ერთ-ერთი მათგანი კი რა თქმა უნდა არის, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც გამოიხატება მათ შორის „უცხო ქვეყნის აგენტების“ მსგავსი კანონმდებლობით.
საქართველოს კატეგორიის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა არის, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც გამოიხატება მათ შორის „უცხო ქვეყნის აგენტების“ მსგავსი კანონმდებლობით.
ამასთან, ისეთი არალიბერალური რიტორიკის ბოროტად გამოყენება, რომელიც ხშირად თავს ესხმის უმცირესობებს, ავითარებს იმ იდეას, რომ არსებობენ “სხვები”და ამით მართლაც ცდილობს, რომ დაპირისპირება შეიტანოს საზოგადოებაში, იმის ნაცვლად, რომ სცადოს მისი გაერთიანება. პირიქით, ეს არის უფრო მეტად დამაპირისპირებელი და პოლარიზაციის გამომწვევი.
სწორედ ეს არის ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული ქვეყნის მახასიათებელი, სურვილი, რომ დაყოს საზოგადოების ერთობა დემოკრატიული იდეალების თაობაზე, დაყოს ადამიანები ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებში, იმისთვის, რომ ავტოკრატიისკენ მიმავალმა ლიდერებმა ამ დაპირისპირებით ისარგებლონ. ჩვენ ვხედავთ მზარდ პოლარიზაციას, რომელიც აქამდეც ქართული პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი იყო, მაგრამ ეს უფრო და უფრო აშკარა ხდება.
კიდევ ერთი განსხვავება დასავლელ პარტნიორებთან ისაა, თუ როგორ პასუხობს მმართველი გუნდი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, თითქოსდა არსებობს “ომის გლობალური პარტია” რომლის წარმომადგენლებსაც საქართველოს “ომში ჩათრევა სურთ”. მიანიშნებენ იმაზეც, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ამერიკის ყოფილი ელჩია. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ჩვენ ვხედავთ მსგავს ნარატივებს მთელ რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში. ბევრ დემოკრატიაშიც კი, სადაც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი იყენებს ომს და უკრაინის დახმარების ამ კრიტიკულ საკითხს საზოგადოებაში გარკვეული პოლიტიკური დაყოფის შესატანად და უპირატესობის მოსაპოვებლად.
ჩვენ ეს სულ ახლახან სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ვნახეთ, სადაც პიტერ პელეგრინი (საპრეზიდენტო კანდიდატი, არჩეული პრეზიდენტი) საუბრობდა იმაზე, რომ სლოვაკეთი ომში ჩართული არ აღმოჩნდეს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, საიდან მოდის ეს ნარატივი. ის კრემლიდან მოდის. ისინი დიდი ხანია ცდილობენ შეფუთონ ეს ომი, როგორც დასავლეთის ქმედებების შედეგი. ამ ომზე პასუხისმგებლობა კრემლის კედლების შიგნითაა. ეს არის და ეს.