განახლება - უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას მხარი 188 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 6 იყო.
სხდომის მიმდინარეობისას კანონმდებლებს პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მიმართა და მოუწოდა მათ მხარი დაეჭირათ საკანონმდებლო ინიციატივისთვის.
უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი. „დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბუდაპეშტში მიღებულ გადაწყვვეტილებას წინ უსწრებდა, შვედეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ უნგრეთი შვედეთისგან "გრიპენის" ტიპის მოიერიშეებს მიიღებს, რომელსაც კომპანია "სააბი" აწარმოებს.
ბუდაპეშტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შვედეთი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი, 32-ე წევრი გახდება. ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ნატოს რიგით მეორე გაფართოება იქნება. მანამდე ალიანსს ფინეთი შეუერთდა.
შვედეთმაც და ფინეთმაც ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გააკეთეს. ორივე ქვეყანამ გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ახსნა. შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა.
Facebook Forum