რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მებრძოლი ნიკი ჰეილი ამბობს, რომ წინ აღუდგება რუსეთის აგრესიას აღმოსავლეთ ევროპაში, გაატარებს სოციალური უზრუნველყოფის რეფორმას, შეინარჩუნებს სავაჭრო ბარიერებს და შეამცირებს დეფიციტს, თუ ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს არჩევნებში.
მაგრამ, საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ეს გზავნილები არ არის საინტერესო იმ ამომრჩევლისთვის, რომელთა გულის მოგებასაც, რესპუბლიკური პარტიის წევრი და ნომინაციისთვის მებრძოლი ნიკი ჰეილი ცდილობს.
ანალიტიკოსების თქმით, თუ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რესპუბლიკური პარტია იყო თავისუფალი ბაზრების მხარდამჭერი, უცხოური იტერვენციის წინააღმდეგი და პატარა სახელმწიფოების მტკიცე დამცველი, 2017 წელს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ ეს ყველაფერი შეცვალა.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპმა ამომრჩეველთა ბაზაში გადატრიალება მოახდინა. ის ხელისუფლებაში მოსვლის დროს მოსახლეობას დაპირდა, რომ დააწესებდა მაღალ ტარიფებს სავაჭრო პარტნიორებისთვის და დატოვებდა საერთაშორისო შეთანხმებებსა და კავშირებს.
ანალიტიკოსების თქმით, ჰეილი ახლა აქცენტს აკეთებს როგორც დონალდ ტრამპის მხარდამჭერების გადაბირებაზე, ასევე ტრამპამდელი რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებზე - იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ ტრამპისგან განსხვავებული მიდგომები და შედარებით ტრადიციული რესპუბლიკური შეხედულებები საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში.
ანალიტიკოსებს ამის თქმის საფუძველს აძლევს მიმდინარე კვირაში ნიკი ჰეილის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის საუბრობდა ნატოზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, პოლონეთის, თუ ბალტიისპირეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელი ჰეილი ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინის დახმარების გაგრძელება მნიშვნელოვანია.
შეცვლის თუ არა ჰეილი რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლის მიდგომებს, ამ ეტაპზე უცნობია. საგენტო „როიტერისა“ და „იფსოსის“ ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ივლისში ჩატარდა, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 52% არ აპირებს ხმა მისცეს კანდიდატს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მხარდამჭერი იქნება.
ნიკი ჰეილის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს. ჰეილის ყოფილი თანაშემწე, რობ გოდფრი კი ფიქრობს, რომ ჰეილის მხარდამჭერები, უფრო მეტად ტრადიციული შეხედულებების მქონე რესპუბლიკელები არიან, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე.
პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში ამ ეტაპზე ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შაბათს, 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინის შტატში რესპუბლიკელთა მორიგი პრაიმერია დაგეგმილი. არსებობს მოლოდინი, რომ ჰეილი ტრამპთან დამარცხდება. ეს მაშინ როცა სამხრეთ კაროლინაში ნიკი ჰეილის კარგად იცნობენ, რადგან ის შტატის გუბერნატორის თანმდებობას იკავებდა.
მოსალოდნელი წარუმატებლობის ფონზე, ჰეილის კამპანიის მენეჯერები ამბობენ, რომ რბოლას საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ჰეილი, სულ მცირე, ე.წ. სუპერ სამშაბათამდე არ გამოეთიშება, როცა ამერიკის ათობით შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი ერთდროულად გაიმართება.
Facebook Forum