ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი შვედურ მოიერიშეებს ყიდულობს და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დასადასტურებლად ემზადება


უნგრეთსა და შვედეთის სამხედრო მწარმოებელ „სააბს“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც უნგრეთი შვედეთისგან დამატებით ოთხ მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს. საუბარია მოიერიშე JaS Gripen-ზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის.

„ჩვენ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ ჩვენს საჰარო თავდაცვის შესაძლებლობებს, არამედ გავზრდით მას... რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ერთგულება ნატოს მიმართ გაძლიერდება და ასევე გაგრძელდება ჩვენი მონაწილეობა, ნატოს ოპერაციებში“,- ამბობს ვიქტორ ორბანი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს და დაამტკიცებს. უნგრეთი ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსის ბოლო წევრია, რომელსაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცესი დასრულებული არ აქვს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტს ოთხშაბათს განიხილავს. პარალელურად კი ის ამბობს, რომ შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მათ შორის „ნდობის აღდგენა“ მოხდა.

ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნებს შორის გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა შესაძლებელია.

„როგორც იცით და ვიცი, ყველაფერზე არ ვთანხმდებით, მაგრამ ვთანხმდებით, რომ უნდა ვითანამშრომლოთ იქ, სადაც ეს შესაძლებელია“,- თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი ფინეთთან ერთად მას შემდეგ შეიტანა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ფინეთი უკვე ნატოს 31-ე წევრია, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს კი თურქეთი და უნგრეთი აქამდე აფერხებდნენ.

თურქეთის პარლამენტმა და პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი ახლახან დაასრულეს. თუ უნგრეთიც ბოლომდე მიიყვანს მის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესს, შვედეთი ნატოს 32-ე წევრი სახელმწიფო ოფიციალურად გახდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG