ჩინეთის წლევანდელი მიზანია ტაივანში უცხოური ჩარევა „შეაკავოს“ და „მტკიცედ შეეწინააღმდეგოს “ კუნძულის ოფიციალური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის მცდელობებს. 23 თებერვალს, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედიამ განაცხადა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, 2024 წელს კომუნისტური ჩინეთის დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავს.
ჩინეთი დემოკრატიულად მართულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, უგულებელყოფს ტაიპეის მთავრობის წინააღმდეგობას ჩინეთის დომინირების მიმართ და აძლიერებს პოლიტიკურ და სამხედრო ზეწოლას საკუთარი პოზიციის დემონსტრირების მიზნით.
იანვარში ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა, რომელსაც პეკინმა სახიფათო სეპარატისტი უწოდა. ლაიმ, რომელიც თანამდებობას მაისში დაიკავებს, პეკინს არაერთხელ შესთავაზა მოლაპარაკების დაწყება, რაზეც ყოველ ჯერზე უარი მიიღო.
„გარე ძალების ჩარევა“ ჩინეთის დიპლომატიურ ლქესიკონში მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა და ტაიპეიში უცხოელი ოფიციალური პირებისა და კანონმდებლების ვიზიტები.
ტაივანის მთავრობა აცხადებს, რომ ჩინეთს არ აქვს უფლება განაცხადოს, რომ კუნძულის მოსახლეობას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტია არასდროს არ მართავდა ტაივანს.
მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება პეკინში, 1949 წლის 1 ოქტომბერს, სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ გამოაცხადა. ჩინეთის რესპუბლიკის დამარცხებული მთავრობა ტაივანში 1949 წლის ბოლოს გაიქცა და კუნძულზე თვითმმართველობა დააწესა.
ტაივანის ოფიციალური სახელი ჩინეთის რესპუბლიკა არის. კომუნისტური პარტიის მიერ მართული ჩინეთისა კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. პეკინის და ტაიპეის მთავრობები ერთმანეთს არ ცნობენ.