ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანში ჩინეთის სატელიტმა წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვა გამოიწვია


ჩინეთის მიერ სატელიტის გაშვებამ, რომელმაც ტაივანს გადაუფრინა, საჰაერო თავდასხმის შესახებ ცრუ გაფრთხილება გამოიწვია. ამას კუნძულზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "პოლიტიკური ქარიშხალი" მოჰყვა.

ტაივანის მმართველმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის ამ თანამგზავრის გაშვებას, რომლის რაკეტამაც სამხრეთ ტაივანის თავზე გადაიფრინა, არჩევნებში ჩარევის მცდელობად არ განიხილავს. ოფისმა განმარტა, რომ ხელისუფლება არ ფიქრობს, რომ ამას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. მაგრამ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამ გამოიწვია გაფრთხილება.

სამშაბათს, მთავრობამ გასცა საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი მას შემდეგ, რაც ჩინურმა რაკეტამ, რომელზეც სამეცნიერო თანამგზავრი იყო განთავსებული, სამხრეთ ტაივანს 500 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე გადაუფრინა. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა ინგლისურად არასწორი თარგმანის გავრცელებისთვის, რომელშიც გამოყენებული იყო სიტყვა „რაკეტა“.

ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, არაერთხელ დაადანაშაულა პეკინი არჩევნებში ჩარევის მცდელობაში, იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა გზით გავლენის მოხდენის მცდელობა. ჩინეთმა ამ ბრალდებებს "ბინძური ხრიკები" უწოდა.

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლაი ჩინ-ტემ მხარი დაუჭირა ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დეტალების გამოქვეყნებას, რომელიც აჩვენებს სამხრეთ ტაივანზე თანამგზავრის ფრენის ტრაქტორიას.

"ეს ინფორმაცია საჭიროა, რათა საზოგადოებაში გაუგებრობა არ შეიქმნას... ამავდროულად, თუ რაიმე ნამსხვრევებს აღმოაჩენენ, ის უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს", - განაცხადა მან ოთხშაბათს საარჩევნო კამპანიის დროს.

ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისმა ოთხშაბათს "როიტერისთვის" მიცემულ წერილობით პასუხში თქვა, რომ თანამგზავრის გაშვება რეგულარული ყოველწლიური ღონისძიება იყო და „არანაირი კავშირი არ აქვს ტაივანის არჩევნებთან“.

ჩინეთმა დეკემბრის დასაწყისში ორი თანამგზავრი გაუშვა. არც ერთ მათგანს არ გადაუფრენია ტაივანის თავზე და არც გაფრთხილება გამოუწვევია.

ტაივანის უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ Kuomintang (KMT) მთავრობა გააკრიტიკა და თქვა, რომ სატელიტის გაშვების დროს გაცემული გაფრთხილება „არ უნდა გახდეს საარჩევნო ინსტრუმენტი“.

KMT-ის თავმჯდომარემ, ერიკ ჩუმ ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოქალაქეებს აინტერესებთ გაფრთხილება შეცდომით იყო თუ არა გამოცემული ან ჰქონდათ თუ არა მის გამავრცელებლებს კონკრეტული მიზანი.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფრთხილების გაცემა ეფუძნებოდა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიზეზებს და ამაში "აბსოლუტურად არანაირი პოლიტიკური ჩარევა“ არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG