ტაივანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კუნძულის თავზე რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამხედრო ბაზასთან, ჩინეთის სამი საჯაშუშო საჰაერო ბუშტი დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამინისტრო ამბობს, რომ ამ ბუშტებმა კუნძულის საჰაერო სივრცე დაარღვია, რადგან გასულ თვეში ბუშტები მათ ტაივანის სრუტეში რამდენჯერმე დაინახეს.
ბუშტების საჯაშუშოდ გამოყენების შესაძლებლობა გლობალური ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2023 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი ასეთი ბუშტი ჩამოაგდო და თქვა, რომ ის ჩინეთის დაზვერვისთვის ინფორმაციას აგროვებდა. პეკინი კი ამტკიცებს, რომ ეს ბუშტი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამერიკის საჰაერო სივრცეში.
ტაივანი ჩინეთის ქმედებებს განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროში. ტაივანში 13 იანვარს საპრეზიდენტო და საპარლამენტოო არჩევნები იმართება, ჩინეთი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განახლებულ საინფორმაციო ბიულეტენში ნათქვამია, რომ სრუტის გასწვრივ 4 საჯაშუშო ბუშტი აღმოაჩინეს, მათგან სამი კი კუნძულის ცენტრისკენ გაემართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუშტები სხვადასხვა დროს გაუჩინარდა. მანამდე სამინისტრო ამბობდა, რომ ბუშტები იქ შესაძლოა ამინდის მონიტორინგისთვის იყო. თუმცა კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ბუშტებს სხვა მიზანი ჰქონოდა, სამინისტრომ კონკრეტული პასუხის გაცემაზე უარი თქვა და განმარტა, რომ ის ყურადღებით აკვირდება ბუშტების გადააადგილებას და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად ინფორმაციას აგროვებს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო მოქმედებები განსაკუთრებით გააძლიერა, მათ შორის სრუტეში ჩინური საბრძოლო საჰაერო თუ საზღვაო ხომალდების გაგზავნით.
ოთხშაბათს ტაივანის საკითხებში ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ოფიციალურმა პირმა ტაივანელებს მოუწოდა, რომ მომავალ არჩევნებში "მართებული არჩევანი" გააკეთონ. მისი თქმით, ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის. ჩინეთი, რომელიც კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ამ არჩევნებს გამუდმებით ასე ახასიათებს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ახალი წლის მიმართვისას თქვა, რომ ტაივანთან "კვლავ გაერთიანება გარდაუვალია", თუმცა არჩევნები არ უხსენებია. ამაზე არც სხვა ლიდერები საუბრობენ საჯაროდ. ტაივანის მთავრობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი ხალხის ბედს სწორედ თავად ხალხი გადაწყვეტს, და არა - პეკინი.