ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ბირთვული ძალები თითქმის სრულად მოდერნიზებულია, ამბობს პუტინი


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომიდან ორი წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების 95% სრულად მოდერნიზებულია.

დღეს, 23 თებერვალს, რუსეთში სამშობლოს დამცველთა დღეს ზეიმობენ. რუს ხალხს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეოჩანაწერით მიულოცა. კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პუტინი მთავარ აქცენტს ბირთვულ შეიარაღებაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ საჰაერო ძალებს ოთხი ახალი ზებგერითი ბირთვული ბომბდამშენი შეემატა.

მანამდე კრემლმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული ბირთვული ბომბდამშენით იფრინა. საუბარია Tu-160M-ზე რომელიც კრემლის მტკიცებით, სრულად მოდერნიზებულია.

რუსეთის ბირთვული რიტორიკა - საფრთხეები და ნატოს პასუხი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:56 0:00

ვიდეოჩანაწერში პუტინმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომზეც და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე სამხედროებს მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინაში მყოფი სამხედროები „სიმართლისა და სამართლიანობისთვის მერბძოლი გმირები“ არიან.

მისალოც გზავნილში ვლადიმირ პუტინმა მთავარი აქცენტი სამხედრო-სამრეწველო მიღწევებზე საუბარს დაუთმო და აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ეს იმ ფონზე, როცა დასავლელი ანალიტიკოსები და სადაზვერვო სააგენტოები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ბევრი მოწინავე სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

„ჩვენი რეალური საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ყველა შესაძლო გზით“,- ამბობს პუტინი ვიდეომიმართვაში. მან ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ მისი სერიული წარმოება იწყება.

პუტინის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ სისტემებზეც, თუმცა მეტი კონკრეტიკა მის დღევანდელ განცხადებაში არ ყოფილა. დასავლეთში რუსეთის ჰიპერბგერით იარაღთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. უკრაინაში რუსეთის ომმა კი ანალიტიკოსთა განცხადებით აჩვენა, რომ რუსეთის ჰიპერგბერით რაკეტებს, ამერიკული „პატრიოტის“ სისტემები წარმატებით უმკლავდება და ანადგურებს.

რუსული "კინჯალი" ამერიკული "პატრიოტების" წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00

რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საზღვაო ფლოტს ახალი სტრატეგიული წყალქვეშა ნავები და ოთხი ახალი ბირთვული ბომბდამშენი შეემატა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს სამუშაოები ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სფეროში დანერგვის მიმართულებითაც.

დღესვე პუტინმა უცნობი ჯარისკაცის საფლავიც მოინახულა და ის გვირგვინით შეამკო. საფლავი მოსკოვში, კრემლის შენობის კედელთან არის განთავსებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG