რუსული ჯარები ბევრად უფრო შორს წავლენ უკრაინაში, აიღებენ ოდესას და შესაძლოა ერთ დღეს დედაქალაქ კიევშიც შევიდნენ, თქვა ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა.
ამას წინ უსწრებდა 20 თებერვალს პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსული ჯარები უკრაინაში კიდევ უფრო ღრმად შევიდოდნენ, რათა ბრძოლის ველზე საკუთარი წარმატება გაემყარებინათ, შაბათ-კვირას ქალაქ ავდიივკის დაცემის შემდეგ. განცხადებაში პუტინმა თქვა, რომ უკრაინული ჯარები იძულებულნი გახდნენ ქაოტურად გაქცეულიყვნენ.
"სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში. “ჩვენ მძიმე და სერიოზული შრომა მოგვიწევს.”
"იქნება ეს კიევი? დიახ, ალბათ ეს უნდა იყოს კიევი. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა ფაზაში", თქვა მან.
მედვედევმა, რომელიც ოდესღაც თანამედროვე რეფორმატორად მოიაზრებოდა, ომის დაწყების შემდეგ ახალი იმიჯი შეიქმნა და უკრაინის და დასავლეთის მიმართ განსაკუთრებული აგრესიის გამოვლენა დაიწყო. მას რამდენიმე ხმაურიანი განცხადება ეკუთვნის დასავლეთის წინააღმდეგ, მათ შორის ბირთვული აპოკალიფსის რისკის არსებობის შესახებაც.
უკრაინელებმა, რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში, რუსეთის ჯარს კიევის შემოგარენიდან უკან დახევა აიძულეს. ამჟამად რუსული არმია კიევისთვის დაუყოვნებელ საფრთხეს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი ხშირად ხდება რუსული სარაკეტო და საავიაციო თავდასხმის სამიზნე.
მედვედევის კომენტარები, სავარაუდოდ, ასახავს მოსკოვის მზარდ თავდაჯერებულობას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ. რამდენიმე დღით ადრე უკრაინულმა ძალებმა, რომლებსაც რუსები რიცხოვნობით და შეიარაღებით აღემატებოდნენ, ქალაქი ავდიივკა დატოვეს.
მედვედევმა თქვა, რომ რუსეთს ასევე სურს ოდესის აღება, რომელსაც ის ოდესსას უწოდებს. (უკრაინულ ენაზე ოდესა ერთი „ს“-ით იწერება და გამოითქმის, ქალაქის სახელის რუსული ვერსია კი ორი „სს“-თი იწერება.)
"ოდესსა, [უკრაინულ ენაზე ოდესა ერთი „ს“-ით იწერება, ქალაქის სახელის რუსულ ვერსიაში კი ორი „სს“ არის] დაბრუნდი. ჩვენ რუსეთის ფედერაციაში ველოდებით ოდესსას ამ ქალაქის ისტორიის გამო, იმის გამო როგორი ხალხი ცხოვრობს იქ, რა ენაზე საუბრობენ. ეს ჩვენი რუსული, რუსული ქალაქია", - თქვა მედვედევმა.