7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 2017 წლის თებერვალში, ჯერ პატრიარქ ილია მეორის „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით დააკავეს. თუმცა, შემდეგ, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ასეთი ხმაურიანი ბრალდების მიუხედავად, პროკურატურამ საბოლოოდ მაინც ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, რა მიზნით „აპირებდა“ მამალაძე ჯერ პატრიარქის და შემდეგ, მისი მდივნის „მკვლელობას“? ვინ იყო ამ დანაშაულის დამკვეთი? ვისგან „შეიძინა“ დეკანოზმა ციანიდის ნატრიუმი? ამ სკანდალური საქმის მიმართ, დღემდე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა დეკანოზმა ბრალი არ აღიარა, განთავისუფლების შემდეგაც ამბობს, რომ უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. 2022 წელს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ მამალაძის მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა ერთხელ უკვე დაადგინა.
ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდგომ უკვე ყველაფერი იქნება, ბრძოლა გრძელდება, ცხოვრება გრძელდება, ჩემი დაკავება არის უსამართლობადეკანოზი გიორგი მამალაძე
მეორეს მხრივ, „ციანიდის საქმეს“ ტექტონიკური ძვრები მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში.
დეკანოზ მამალაძის დაპატიმრების შემდეგ, პატრიარქობაზე საბოლოოდ თქვა უარი, ტახტის მთავარმა პრეტენდენტმა, პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა. იმავე წელს, პატრიარქმა მოსაყდრედ სრულიად მოულოდნელად, ღიად პრორუსი მეუფე შიო მუჯირი დაასახელა.
ვინ დაგეგმა და რატომ ჰქონდა ამხელა გავლენა „ციანიდის საქმეს“ საქართველოს ეკლესიაზე, პატრიარქ ილია მეორეზე, მის ძმისშვილზე მეუფე დიმიტრიზე და მთლიანად საპატრიარქოზე, ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე თეოლოგიის დოქტორს გოჩა ბარნოვს ესაუბრა:
თქვენ იყავით, ერთ-ერთი იმ თეოლოგთა შორის, ვინც 2021 წელს, „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლეს“ მოაწერეთ ხელი, სადაც „ციანიდის საქმეზე“ საპატრიაქროს კერძოდ წერდით, რომ „ამ საქმის სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა ეკლესიაში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მზის სინათლეზე გამოვიდა მაღალი იერარქიის არაერთი წარმომადგენელი, რომელნიც ერთმანეთის სულიერ/მორალური განადგურებისათვის არაფერს იშურებდნენ. გამოძიება ბუნდოვნად წარიმართა და პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე ლოგიკურად დასრულდა...პატრიარქი და მთელი საპატრიარქო გაუგონარ გულცივობას ამჟღავნებს და არც კი ნახულობს ჯანმთელობა შერყეულ, ციხეში მყოფ დეკანოზს“...
დიახ, ამ შეფასებას გავიმეორებ ახლაც, „ციანიდის“ ძალიან რთული „საქმე“, რეალურად იყო, ბოლო წლებში, საპატრიარქოში არსებული კლანების, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი დაპირისპირება. ეს იყო შიდა კლანური ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის.
„ციანიდის“ ძალიან რთული „საქმე“, რეალურად იყო, ბოლო წლებში, საპატრიარქოში არსებული კლანების, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი დაპირისპირება. ეს იყო შიდა კლანური ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის
ერთის მხრივ, იყო მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, ბათუმის მიტროპოლიტი, პატრიარქის ძმისშვილი, რომელზეც ჯერ, კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებიდან გვესმოდა, რომ სწორედ ის არის მომავალი პატრიარქი და ილია მეორეს მემკვიდრე; დიმიტრის მაშინ ჰყავდა თავისი მომხრე ეპისკოპოსები და სამღვდელოება.
მათ შორის იყო, დეკანოზი გიორგი მამალაძეც, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთანაც. 2015 წელს, იგი მეუფე დიმიტრის მხარდაჭერით, ბათუმიდან გადაჰყავთ თბილისში, საპატრიარქოში, სადაც სვამენ საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკურ საბჭოში და ქონების მართვის სამსახურში. ანუ დიმიტრი საკუთარი კაცის მეშვეობით შეეცადა, საპატრიარქოს უძრავ-მოძრავი ქონების, შპს-ეების, ბიზნესის, ფულის გაკონტროლებას და ბუნებრივია, პირდაპირ დაეხაჯა სხვა მეუფეების ინტერესებს
2016 წელს, გახსოვთ, ალბათ, მეუფე თეოდორე ჭუაძის ძვირადღირებულ პენთჰაუზებზე გამოქვეყნდა მასალა და ყველა მიხვდა მაშინ, რომ ეს იყო ბათუმიდან „ნასროლი“ ამბავი. ბევრი სხვა მასალაც იყო ასეთი, რაც მაშინ ასევე გამოიყარა. მეუფე იაკობმა "შეკვეთილი სტატიების" მომზადებაში პატრიარქის დაცვის წევრები დაადანაშულა და თქვა, რომ "ამისთვის გაილახა ერთიო".
შემდგომმა ამბებმა, რამაც პრესაშიც გაჟონა აჩვენა, რომ დეკანოზი მამალაძე ბევრი მიმართულებით, ცდილობდა შეესწავლა საპატრიარქოში არსებული ფინანსური მდგომარეობა. ეს საქმიანობა, კი ცალსახად აღიქმებოდა, როგორც მეუფე დიმიტრის დაკვეთა და ბევრს საპატრიარქოში ძალიან აღიზიანებდა.
ანუ, ეს იყო უკვე ღია ბრძოლა საპატრიარქოს კლანებს შორის. შემდგომში, მეუფე პეტრემაც რამდენჯერმე დაადასტურა, რომ დაპირისპირება იმდენად დიდი იყო, რომ მეუფე დიმიტრი, „ციანიდის საქმემდე“ დაახლოებით 2 წელი, თბილისში, საპატრიარქოში ვერც კი შედიოდაო.
როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ პატრიარქს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია და საოპერაციოდ გერმანიაში მიდის, საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა ზუსტად ამ პერიოდში, კულმინაციას აღწევს
და, ეს დაპირისპირება, კიდევ უფრო გააღრმავა პატრიარქის შერყეულმა ჯანმრთელობამ, მით უფრო, რომ მაშინ ხშირად საჯაროდ ისმოდა საუბარი მემკვიდრეზე, პატრიარქის „ანდერძზე“, თუ ვის დატოვებდა ილია მეორე...
დიახ, ზუსტად ამ წლებში, აქტიურად მიდის პატრიარქის მემკვიდრეზე საუბარი. 2016 წლის ზამთარში, პატრიარქი მიდის მოსკოვში, შემდეგ არის ინფორმაცია, რომ იგი გაცივდა და საკმაოდ სუსტად არის, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა. დეკემბერში არის ღია დაპირისპირება მეუფე დიმიტრის, მეუფე იაკობს, შორენას და მათ მომხრე ეპისკოპოსებს შორის.
2017 წლის იანვარში, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ პატრიარქს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე და საოპერაციოდ გერმანიაში მიდის, საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა, ზუსტად ამ პერიოდში, კულმინაციას აღწევს და ეს ლოგიკურიც არის.
როდესაც საუბრობთ, მაშინ მეუფე დიმიტრისთან მკვეთრად დაპირისპირებულ ეპისკოპოსებზე, პირველ რიგში ვის გულისხმობთ?
ეს არის ახალციხის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა და ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი.
ამ უკანასკნელს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, იგივე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მაშინდელ გავლენიან მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან, რომელიც პირდაპირ იყო „ციანიდის საქმესთან“ კავშირში.
მეუფე იაკობს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მაშინდელ გავლენიან მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან, რომელიც პირდაპირ იყო „ციანიდის საქმესთან“ კავშირში
ასევე, რა თქმა უნდა, დიმიტრისთან მკვეთრად იყო დაპირისპირებული პატრიარქის მდივანი, შორენა თეთრუაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა „ციანიდის საქმეში“ და მეუფე დიმიტრის ჩამოშორებაში.
„ციანიდის საქმიდან“ ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპერატიულ კონტროლზე ჰყავს დეკანოზი მამალაძე, მასთან აქტიურად მუშაობს აგენტი, რომელიც ფარულად იღებს მამალაძეს. ამის მიუხედავად, 2017 წელს, მამალაძის დაკავების შემდეგ, საოცრად მოუმზადებელია როგორც ბრალდება, ისე ძალიან სერიოზული პრობლემებია, მტკიცებულებების ნაწილში, ამას რითი ხსნით?
შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ „ციანიდის საქმის“ „მომზადებით“ მეუფე დიმიტრის ჯგუფს გარკვეულწილად დაასწრეს, სავარაუდოდ, ნაჩქარევად მოუწიათ დეკანოზ მამალაძის დაკავება და სწორედ ამიტომ ჰქონდა ამ საქმეს ამდენი პრობლემა.
თავიდან მოგეხსენებათ, პრემიერ კვირიკაშვილსაც და პროკურორ შოთაძესაც საჯაროდ ათქმევინეს, რომ "აღიკვეთა საშინელება", "უბედურება ააცილეს ქვეყანას", ანუ იგულისხმებოდა „პატრიარქის მკვლელობის“ მცდელობა. უკვე შემდგომ, როცა მედიამ და საზოგადოებამ კითხვების დასმა დაიწყო, „პატრიარქის მკვლელობის“ მომზადება, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლეს, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით.
დიახ, დეკანოზი კონტროლზე ჰყავდათ, გახსოვთ, ალბათ, რომ მას ფარულად იღებდა ვინმე ირაკლი მამალაძე, რომელიც იყო სუს-ის აგენტი. გამოძიების მასალების მიხედვით, დეკანოზი მამალაძე თითქოს, თბილისის აეროპორტში, გერმანიაში, პატრიარქთან გაფრენამდე, „ციანიდით“ დააკავეს, თუმცა, გამოძიებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, ვერც ვიდეო და ვერც აუდიო, თუ, ვისგან შეიძინა ეს ციანიდი მამალაძემ, როგორ აღმოჩნდა ეს ნივთიერება მის ბარგში, რაც წარმოუდგენელია.
რეალურად, ასე ჩანს, რომ მეუფე დიმიტრისთან მკვეთრად დაპირისპირებული მხარე საპატრიარქოში, 2017 წლის თებერვალში, წავიდა აბსოლუტურად ყველაფერზე, „ციანიდის საქმის“ შეკერვის ჩათვლით და დიმიტრის გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, მოხდა პატრიარქის ძმისშვილის მხარის განეიტრალება.
ერთის მხრივ, „ციანიდით“ დააკავეს დიმიტრის უახლოესი გარემოცვის წევრი, მისი ეპარქიის მღვდელი, რომელიც პატრიარქის გარემოცვაშიც იყო და მეორეს მხრივ, ამ სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადააყენეს და შემდეგ ქვეყნიდან გააპარეს პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც მეუფე დიმიტრის სიძეა. პატრიარქის დაცვა კი სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.
და საბოლოო შედეგი, „ციანიდის საქმისა“-მეუფე დიმიტრი ღიად ამბობს, რომ მისი პატრიარქობა გამორიცხულია...
დიახ, ეს იყო ფინალი, მან თქვა, რომ შავმა ღრუბელმა მოიყარა მის თავზე და საჯაროდ უარს ამბობს პატრიარქობაზე. შემდეგ, თუ გახსოვთ, ის საკუთარ ეპარქიაში, ბათუმში, დახურულ კარს მიღმა ხვდება პრემიერ კვირიკაშვილს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა საუბარი მიდის იქ.
ამ სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადააყენეს და შემდეგ ქვეყნიდან გააპარეს, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც მეუფე დიმიტრის სიძეა.
ამ პერიოდში, გაგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დარტყმის ქვეშ არის, მეუფე დიმიტრის სიძე, „ციანიდის საქმის“ გამო პატრიარქის დაცვის უფროსობიდან უკვე გადაყენებული სოსო ოხანაშვილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, „ციანიდის საქმის“ გამო მისი დაკითხვა ან დაკავება შეიძლება მოხდეს.
ოხანაშვილს ღიად ესხმის თავის მეუფე იაკობი, ასევე შორენა თეთრუაშვილიც. სავარაუდოდ, მეუფე დიმიტრი პრემიერისგან რაღაც გარანტიებს იღებს, იმის სანაცვლოდ, რომ საპატრიარქო ტახტზე უარი თქვა, მის სიძეს, ქვეყნიდან წასვლის უფლებას აძლევენ...ოხანაშვილი გააპარეს, ფაქტიურად.
რა როლი ჰქონდა ამ ამბებში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რამდენად აქტიურად იყო ჩართული რუსული გავლენები, საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის ბრძლაში?
რუსეთის ეკლესიის როლი შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი იყო მეუფე დიმიტრის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილების პროცესში. თავიდან ყველა დაპირისპირებული კლანი ცდილობდა რუსეთის ეკლესიის მიმხრობას, სიმპათიის და მხარდაჭერის მიღებას, რადგან რუსეთის ეკლესიას აქვს კოლოსალური გავლენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, წმიდა სინოდის წევრების უმრავლესობაზე.
როცა პატრიაქრის გადაყვანა მოხდა გერმანიაში, რუსული მხარე უკვე აქტიურად ერთვება ამ ამბებში, რადგან, რუსეთს აუცილებლად სჭირდება მისი ერთგული კაცი საპატრიარქო ტახტზე. რაც გამოჩნდა ღიად, რუსეთმა 2017 წლის თებერვალში, აქტიურად დაიწყო პროცესებიდან მეუფე დიმიტრის ჩამოშორება, რომელიც როგორც ჩანს, პატრიარქად არ აწყობდა.
ძალიან რთულია ახლა მსჯელობა, რა ვერ გათვალა მეუფე დიმიტრიმ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობების დროს, რა არ მოეწონათ მოსკოვში დიმიტრის მოქმედებაში? რამე კომპრომატი არსებობდა მასზე? ფაქტია, მოხდა ის, რაც მოხდა. იმიტომ დატრიალდა ეს ყველაფერი, მეუფე დიმიტრის და მის მღვდლის გარშემო, რადგან ერთადერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იყო პატრიარქობის. ამ მხრივ, ჩვენ ბევრი რამ, კიდე არ ვიცით.
როგორ ხედავთ „ციანიდის საქმეში,“ პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის როლს? ზოგიერთ, ფარულ ჩანაწერში, ჩანს, რომ თითქოს, "თეთრუაშვილმა დაავალა ციანიდის შეძენა დეკანოზ მამალაძეს", თუმცა, საბოლოოდ, მამალაძეს 9 წელი, სწორედ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯეს...
რეალურად, სწორედ შორენა თეთრუაშვილი ედგა სათავეში იმ ოპერაციას, რომლითაც მოხდა მეუფე დიმიტრის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილება. ეპისკოპოსების იმ ჯგუფის ლიდერი, რომელიც „ციანიდის საქმით“ დიმიტრის დაუპირისპირდა თეთრუაშვილი იყო.
ის ძალიან გავლენიანი ფიგურაა, რომელიც 1983 წლიდან არის საპატრიარქოში და ძალიან ბევრ რამეს წყვეტს, პატრიარქი მას საკმაოდ ერთგულ ადამიანად მიიჩნევს.
შორენა თეთრუაშვილი ედგა სათავეში იმ ოპერაციას, რომლითაც მოხდა მეუფე დიმიტრის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილებას. ეპისკოპოსების იმ ჯგუფის ლიდერი, რომელიც „ციანიდის საქმით“ დიმიტრის დაუპირისპირდა თეთრუაშვილი იყო
რა თქმა უნდა, იგი არის რუსეთის ინტერესების აქტიური გამტარებელი საპატრიარქოში. რუსების დანიშნული, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ საბჭოთა დრიდან. ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს - ეპისკოპოსებს შორის ურთიერთობა, საქართველოს ეკლესიის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, სახელმწიფოსთან ურთიერთობა და თუ სხვა საკითხი, ყველაფერს წყვეტდა და წყვეტს შორენა თეთრუაშვილი.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ წარსულშიც და ახლაც, სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც საპატრიარქოსთან რაიმე სურთ, პირადად ურთიერთობენ და მიმართავენ შორენას.
რუსეთისთვის, რუსეთის ეკლესიისთვის შორენა დღემდე ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა, ერთის მხრივ, რუსები მშვიდად არიან, იმ მხრივ, რომ შორენა ქალია და მას არასდროს გაუჩნდება პატრიარქობის ამბიცია.
მეორეს მხრივ, თეთრუაშვილს წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს საპატრიაქროში, რაც რუსეთისთვის საქართველოს ეკლესიაში პროცესების სრული კონტროლის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია.
დეკანოზ მამალაძის დაცვის მხარე, ბოლო წლების მანძილზე, სწორედ თეთრუაშვილს ადანაშაულებდა, რომ პირადად იგი ბლოკავდა პატიმრის შეწყალებას და დროზე ადრე გათავისუფლებას, თუმცა, ახლახანს გამოქვეყნდა, თეთრუაშვილის 2022 წლის ოქტომბერში დაწერილი წერილი, სადაც ამბობს, რომ თანახმაა მამალაძე შინაპატიმრობაში გადაიყვანონ ან გაანთავისუფლონ, რით ხსნით ამას?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მტკიცედ იყო ციხეში, ფსიქოლოგიური და ყველანაირი სხვა ზეწოლის მიუხედავად, ვაჟკაცურად მოიქცა და არ დაიბრალა ეს დანაშაული. იქ იყო სხვა არასასიამოვნო მომენტებიც, რაც პატრიარქის და დეკანოზის ურთიერთობებს ეხებოდა, პატრიარქთან ღამით დარჩენაზე და ა.შ, ანუ ზეწოლა მასზე ძალიან სერიოზული იყო.
რეალურად, ეს ადამიანი გაწირეს, 7 წლის მანძილზე, ციხეში დაინვალიდდა და დაავადებული გამოუშვეს
რეალურად, ეს ადამიანი გაწირეს და ამ ფონზე, თეთრუაშვილის ეს წერილი რბილად რომ ვთქვაღ უცნაურია. რადგან წარმოიდგინეთ, ადამიანი 7 წლის მანძილზე, ციხეში დაინვალიდდა, ვნახეთ, როგორ მოხდა მისი გადაყვანა სახლში რეანომობილით. დაავადებული გამოუშვეს ციხიდან, არაფრის გამო.
მეუფე დიმიტრისაც, როგორც თქვა, ციხიდან გამოსულმა დეკანოზმა, არ ეყო ვაჟკაცობა, რომ ბოლომდე დაეცვა თავისი მღდელი, თუმცა, დიმიტრის მხარეს აქვს თავისი არგუმენტები, რომ რამდენჯერმე მიმართეს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების მიზნით და უარი მიიღეს. მე პირადად, არც იმას გამოვრიცხავ, დეკანოზი იმ პირობით გამოუშვეს რომ არაფერს იტყვის.
შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ამ ოპერაციის, რომელიც მეუფე დიმიტრის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილების გამო დაიგეგმა, საბოლოო მიზანი, პატრიარქის მოსაყდრედ, ღიად პრორუსი ეპისკოპოსის შიო მუჯირის დასახელება იყო? იმიტომ, რომ 2017 წლის თებერვლის ამბების დროს იგი თითქოს არ ჩანდა...
რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. 2017 წლის თებერვალში, მეუფე დიმიტრის ჩამოცილების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, პატრიარქი ილია მეორე წერს ბრძანებას, რაც მისთვის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარეც კი ძალიან რთული იყო და მოსაყდრედ შიო მუჯირს ასახელებს.
რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. პატრიარქი ილია მეორე წერს ბრძანებას და მოსაყდრედ შიო მუჯირს ასახელებს
მეუფე შიო წლების მანძილზე, რუსეთში ცხოვრობდა, იყო მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ასევე სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. საეჭვო ვითარებაში მოხდა მისი სადოქტორის ხარისხის დაცვა, ამაზე ლეგიტიმური კითხვები არსებობს, კი, თავიდან იგი არ ჩანდა, მაგრამ, შემდეგ, მეორე პლანზე გადაიწიეს, ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე იყვნენ და ამჟამად, შიო ძალიან მყარად დგას. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატი შიოა.
თუმცა, საეკლესიო და თეოლოგიურ წრეებში მომისმენია, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ეს სტატუს ქვო, რომელიც დღეს მოსაყდრე შიოს ერთადერთ პრეტენდენტად აქცევს, დიდი შანსია, რომ დაირღვეს და საპატრიაქრო ტახტზე სხვა პრეტენდეტებიც ვიხილოთ, შესაძლებელია ასეთი სცენარი?
ამ მონაცემებით, მე ვფიქრობ, რომ შიოსია პატრიარქობა. მით უმეტეს, რომ ეს არის რუსეთის ღია სურვილი და რუსეთის გავლენა საქართველოს ეკლესიაზე, განსაკუთრებით, მღვდელმთავრებზე არის უდიდესი. თან, თუ, ჩვენ მე-20 საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პატრიარქები ყოველთვის მოსაყდრეები ხდებოდნენ.
1977 წელს, საქართველოს პატრიარქ დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, როცა ხდებოდა ახალი პატრიარქის გამორჩევა, იქ იყო ეპისკოპოსებს შორის სერიოზული წინააღმდეგობა, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქად ილია მეორის გამორჩევას და რეალურად ილია შიოლაშვილის გამორჩევა მოხდა, რუსეთის პატრიარქის პიმენის ჩამოსვლის შემდეგ
რა თქმა უნდა, ეს არის ანტიკანონიკური ფენომენი, ასეთი რაღაც არცერთ სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში არ ხდება და შიოს პოზიციაც არის ანტიკანონიკური, თუმცა, რეალობა ასეთია.
მაგრამ, აქ მეორე სცენარიც შეიძლება გათამაშდეს. 1977 წელს, საქართველოს პატრიარქ დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, როცა ხდებოდა ახალი პატრიარქის გამორჩევა, იქ იყო ეპისკოპოსებს შორის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა.
ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქად ილია მეორის გამორჩევას და რეალურად ილია შიოლაშვილის გამორჩევა მოხდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პიმენის ჩამოსვლის შემდეგ.
ანუ პიმენი ჩამოფრინდა, როცა აქ უკიდურესად დაიძაბა ეპისკოპოსებს შორის ურთიერთობა და პირდაპირი მითითება იყო მოსკოვიდან, რომ პატრიარქი ილია მეორე უნდა გამხდარიყო.
ეს საბჭოთა საქართველოს მაშინდელ ლიდერმა ედუარდ შევარდნაძემაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ არა მარტო ცკ-ს მდივნები ინიშნებოდნენ მოსკოვიდან, არამედ პატრიარქებიცო.
რატომ გავიხსენე ეს ისტორია. თუ კომუნისტური რეჟიმის დროს, შესაძლებელი იყო ასეთი დაპირისპირება ეპისკოპოსებს შორის და მათ გაბედეს ის, რომ დაუპირისპირდნენ პატრიარქობის კანდიდატს, რომელიც რუსეთისთვის იყო სასურველი, მით უფრო შესაძლებელი იქნება, დღეს ასეთი დაპირისპირება.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს სცენარი განიხილება და პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ნუ, ყველა მოკვდავები ვართ და ოდესღაც ყველა გარდავიცვლებით, რეალურად რა მოხდება, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. შეიძლება, ძალიან სერიოზული დაპირისპირებაც მოხდეს, ახალი პატრიარქის არჩევის დროს.
რომ შევაჯამოთ, „ციანიდის საქმე“, გასაგებია, რომ მეუფე დიმიტრი გვერდზე გასწიეს, მაგრამ მაინც გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, კიდევ იტყვის ისეთ მნიშვნელოვან რამეს, რაც საზოგადოებამ დღემდე არ ვიცით? თუ, ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეუძლებელია?
გავიმეორებ, რომ ის, რაც ამ დაპირისპირებით მოხდა, მოხდა ის, რომ საპატრიარქო ტახტს ჩამოაშორეს მეუფე დიმიტრი. მან შეწყვიტა ბრძოლა, ეს მის განცხადებაშიც ჩანს, პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეკამერების წინ გააკეთა და თქვა, რომ უარს ამბობს პატრიარქობაზე და ის არ აპირებს პატრიარქობისთვის ბრძოლას. ის, რაც რუსეთის სურვილი იყო. ნამდვილად.
რას იზამს მამალაძე თავისუფლებაზე, ძალიან ძნელი სათქმელია. ჩემი ვარაუდია, რომ ის ალბათ, დუმილს ამჯობინებს. რაც შეეხება საპატრიაქროს, ვფიქრობ იქ გაგრძელდება ეს ბრძოლა, საპატრიაქრო ტახტისთვის, ძალაუფლებისთვის, ფინანსებისთვის და ყველაფერი იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ ძალაუფლებას და ფულს მოსდევს თან
ეს ჩანს, კიდევ იქედან, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, მეუფე დიმიტრი აქტიურად აგინებს პუტინს და მის ხელისუფლებას, რატომ? მიზეზი ამის, არის ზუსტად ის, რომ იგი ჩამოაშორეს საპატრიარქო ტახტისკენ მსვლელობას და დარჩა ამ პროცესის გვერდით.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელი ამბავი იყო საპატრიარქოს კლანთა შორის დაპირისპირება საპატრიარქო ტახტისთვის, ჩარევა ხელისუფლებისა მაინც იყო აქტიური, რომ ამ პროცესებს უმართავი ფორმა არ მიეღო.
რეალურად ინტერესი, რომ მამალაძე მჯდარიყო ციხეში, ხელისუფლებისა ნამდვილად არ იყო. ან რა ინტერესი უნდა ყოფილიყო? ნამდვილად („ციანიდის საქმე“) ერთგვარი ლაქაც კი არის ("ქართული ოცნებისთვის"), არ ჭირდებოდა არაფერში ხელისუფლებას, რომ მამალაძე ციხეში მჯდარიყო, მეუფე პეტრემაც დაადასტურა ეს თავის ინტერვიუში.
და, ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ახლა, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 6 თვე დარჩა, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მამალაძეს უშვებენ გარეთ. რა თქმა უნდა, ეს მათი ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა. და, სავარაუდოდ, ამ პროცესსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს „ქართული ოცნება“, რათა უფრო მეტი პროცენტი მიიღოს არჩევნების დროს.
რას იზამს მამალაძე თავისუფლებაზე? ძალიან ძნელი სათქმელია. ჩემი ვარაუდია, რომ ის ალბათ, დუმილს ამჯობინებს, იმიტომ, რომ ეს მისთვის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება
საქართველოს ეკლესია საბჭოთა პერიოდში დაშორდა ქრისტიანულ საწყისებს, სწავლებას და ქრისტიანულ ტრადიციას
რაც შეეხება საპატრიაქროს, ვფიქრობ, იქ გაგრძელდება ეს ბრძოლა, საპატრიაქრო ტახტისთვის, ძალაუფლებისთვის, ფინანსებისთვის და ყველაფერი იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ ძალაუფლებას და ფულს მოსდევს თან.
ეს სამწუხაროდ უკვე ჩვეულებრივი ამბავია ჩვენი ეკლესიისთვის. იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესია საბჭოთა პერიოდში დაშორდა ქრისტიანულ საწყისებს, სწავლებას და ქრისტიანულ ტრადიციას ზოგადად, ამის შედეგია, რომ აბსოლუტურად სხვა მიზნები და მიდრეკილებები აქვთ მღვდელმთავრებს. ამიტომ არის, რომ ისინი იყენებენ ყველა საშუალებას და მეთოდს, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ.