რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის თავზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთში უმაღლეს დონეზე მიიღეს. ილია მეორეს, რომელიც მოსკოვში რუსეთის პატრიარქისთვის 65-ე დაბადების დღის მისალოცად ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც კი შეხვდა. მანამდე, საქართველოს პატრიარქს აუდიენცია მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქთან ჰქონდა.
მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება რუსულთან და ბერძნულთან ერთად, ქართულ ენაზეც აღავლინეს, ილია მეორემ კირილეს საჩუქრად საპატრიარქო კვერთხი გადასცა. საპასუხოდ, პატრიაქმა კირილემ განაცხადა, რომ მართლმადიდებელ რუსებსა და ქართველებს შორის მეგობრობა და სიყვარული ისევ უნდა დაბრუნდეს.
ილია მეორე: თქვენო უნეტარესობამ, ყოვლისშემძლე უფლის დახმარებას გისურვებთ, თქვენს პირველუწმინდესობას მსახურებაში, ასევე თქვენს ეკლესიასა და ქვეყანას - მომავალ აყვავებას.
თქვენდამი ჩვენი ღრმა პატივისცემისა და ქრისტესმიერი სიყვარულის ნიშნად, თქვენს უნეტარესობას გადმოგცემთ საპატრიარქო კვერთხს, რომელიც თქვენს პირველუწმინდესობას მსახურებაში დაგეხმარებათ.“
კირილე: „ურთიერთობის ნებისმიერი შესაძლებლობა კეთილ ნაყოფს გვაძლევს. ალბათ, ჩვენი ეკლესიების ურთიერთობისა ყველაზე კეთილი ნაყოფი, ეს ჩვენის ქვეყნებისა და ხალხების ურთიერთობის დონის ამაღლება იქნება.
იმიტომ, რომ ორი ერთმორწმუნე, მეზობელი ხალხი ასწლეულებია ერთად ცხოვრობენ. მართლმადიდებელ რუსებსა და ქართველებს ერთმანეთთან ყოველთვის თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ.
ჩვენ ვლოცულობთ და ვმუშაობთ, რომ ეს მეგობრობა და სიყვარული ისევ დაბრუნდეს. გვწამს, რომ ვერანაირი გარე პერიპეტიები ამ ურთიერთობების ფუნდამენტს ვერ დაანგრევს, იმიტომ ფუნდამენტი ერთი წმინდა მართმადიდებლური ეკლესიის კუთნილებაა.“
გუშინ ვლადიკავკაზში, 58-ე არმიის შტაბში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საქართველოსთან ომი აბსოლუტური აუცილებლობა იყო. „იმან, რომ რუსეთი მაშინ ასე სასტიკად მოიქცა, მოგვცა სიტუაცია, როცა ჩვენს ირგვლივ გაცილებით დიდი სიმშვიდეა, ვიდრე აქამდე იყო.“ - ბრძანა მედვედევმა. ერთი დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში საქართველოს პატრიარქთან მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობაზე საუბრობდა.
„ჩემთვის საინტერესოა თქვენთან გასაუბრება, მოვისმინო როგორ ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობენ და ვითარდებიან თქვენს ეკლესიაში. მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, საერთაშორისო განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შეიძლება იყოს სირთულეები, შეიძლება იყოს გლობალური პრობლემები, როგორც ეკონომიკური, ისე იდეოლოგიური, ეკლესია, ალბათ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ადუღაბებს ხალხთა ურთიერთობებს და გვეხმარება მძიმე პერიოდის ჟამს.“
ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა თემები განიხილა საქართველოს პატრიარქმა რუსეთის საერო და საეკლესიო ლიდერებთან. იყო თუ არა მათ შორის, ისეთი ურთულესი თემები, როგორიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებია .
უპრეცედენტო დახვედრისა და მასპინძლობის მიუხედავად, (მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვო 3“-ში, ილია მეორეს კაზაკთა ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული და რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინი დახვდა - ზ.წ). საქართველოს პატრიარქს რუსეთში ვიზიტის დროს მაინც არასრული ტიტულით მოიხსენიებდნენ.
არ იყო აღნიშნული, რომ ილია მეორე ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიც არის. ასეთივე ინფორმაცია დევს რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-მისამართზეც. არის თუ არა რუსულ-ქართული საეკლესიო დიალოგი გულწრფელი და საბოლოო ჯამში რისი მომტანია ?! კონფიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს:
„მე არ მჯერა რუსეთის მხრიდან მართლმადიდებლური იდეით და ამ იდეაში შეფუთული დადებითი პოლიტიკური პროცესის წარმართვის შესაძლებლობისა. ეკლესიას არ შეუძლია წარმართოს პოლიტიკა, ეკლესიას მხოლოდ შეუძლია დაეხმაროს პოლიტიკას თუ პოლიტიკა არსებობს.
თუ პოლიტიკა არ არსებობს ეკლესია ვერაფერს გახდება, მხოლოდ ხელს შეუშლის გარკვეულ პროცესებს, ვერ დაეხმარება. კეთილი უნდა ვინებოთ და გავისიგრძეგანოთ, რას ემსახურება რუსეთის მიერ ასეთი თითქოს კეთილგანწყობილი ტონი და შემოთავაზებები.
ეს არის რუსული სახელმწიფოს, რუსული პოლიტიკის გაგრძელება და მე ამაში უკეთეს შემთხვევაში კარგს ვერაფერს ვხედავ, უარეს შემთხვევაში კი ვხედავ კიდევ მეტად ხაფანგში თავის შეყოფას, იმიტომ რომ რუსეთი უფრო მეტად ითვისებს ამ დროს აფხაზეთს.
ასე, რომ თუ რუსეთს ჩვენ თუნდაც დროებით ჩავაბარეთ აფხაზეთი, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს უკან ვეღარ გამოვგლეჯთ, თუ გინდ რუსულ ეკლესიას ჰქონდეს იქ აღიარებული ქართული კანონიკური საზღვრები, იმდენად იქნება იქ უკვე რუსული საეკლესიო და სახელმწიფო პოლიტიკა გავრცელებული“.
ხვალ, ილია მეორე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში ქართული დიასპორისთვის წირვას აღავლენს. საქართველოს პატრიარქის ხუთდღიანი ვიზიტი რუსეთში 24 ნოემბერს დასრულდება. საპატრიარქო რუსეთში ვიზიტის შედეგებზე კომენტარის გაკეთებას მხოლოდ პატრიარქის თბილისში