ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოს ინიციატივას ართმევს


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების დაბრუნების საქმეში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს.

ამ მიზანს ემსახურებოდა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის სამდღიანი ვიზიტი თურქეთში, რომლის ფორმალური მიზეზი მსოფლიო და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე პირველისათვის აღსაყდრების 20 წლისთავის მილოცვა იყო.

სტამბოლში გამგზავრებამდე ილიამ მეორემ წერილით მიმართა თურქეთის პრემიერ ერდოღანს, სადაც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების დაბრუნება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება სთხოვა.

წერილში კერძოდ ნათქვამი იყო, რომ - „ეს ეკლესია-მონასტრები არ შეიძლება იყოს, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, არც სომხური და არც რომელიმე სხვა ეკლესიისა“. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ, საკვირაო ქადაგების დროს გაახმიანა თუ რა პასუხი მიიღო თურქული მხარისგან:

„მე გავუგზავნე თურქეთის პრემიერ მინისტრს წერილი, სადაც ვთხოვე მას, რომ ისეთი დიდი ტაძრები და მონასტრები, როგორიცაა ოშკი, ხახული და სხვები უნდა იყოს საქართველოსთვის გადმოცემული. ჩვენ გვიპასუხეს, რომ განხილვის პროცესშია ეს წერილი.

მე დავავალე ჩვენს ელჩს და კონსულს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ თემას და ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს.“

2010 წლის აგვისტოს ბოლოს, თურქეთის მთავრობამ თამამი გადაწყვეტილება მიიღო - არამუსლიმურ რელიგიურ სათვისტომოებს, გარკვეული დათქმებით, 1936 წლის შემდეგ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნოს.

ასეთ რელიგიურ სათვისტომოებში მოხვდნენ: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესია (ქონების დაბრუნება შეუძლია მხოლოდ სტამბოლში და კუნძლებზე იმროსზე და თენედოსზე - ზ.წ.), სომხური გრიგორიანური ეკლესია და იუდეველთა სათვისტომო, რომლებმაც ჯერ კიდევ 1923 წელს, ლოზანის კონფერენციაზე მიიღეს თურქეთში უმცირესობის სტატუსი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ქონება ამჟამინდელ თურქეთის ტერიტორიაზე, 1936 წლამდე დაკარგა, ცდილობს ერდოღანის მთავრობის გადაწყვეტილება, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებზეც გავრცელდეს, თუმცა ექსპერტთა უმრავლესობა, როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ამ მცდელობას სკეპტიკურად უყურებს.

საქმე იმაშია, რომ თურქეთი არამუსლიმანთათვის 1936 წლამდე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებით დაინტერესებული არ არის. ეს გამოწვეულია 1924 წლის მოვლენებით, როცა უზარმაზარი ქონება წაართვეს ბერძნებს და რა თქმა უნდა, 1915 წლის უზარმაზარი ტრაგედიით, როცა გაცილებით დიდი მასშტაბებით დაზარალდა სომხური მოსახლეობა და ეკლესია.

სტამბოლში ვიზიტისას, ალტერნატიული წინადადების სახით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა ილია მეორეს თურქეთში ქართული ეკლესია-მონასტრების კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს დაქვემდებარებაში გადასვლა შესთავაზა. ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ქართული ეკლესიის გააქტიურებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს:

ილია მეორე: „მსოფლიო პატრიარქის წინადადებით, ყველა მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ამა თუ იმ ეკლესიის გარეშე არის უნდა ეკუთნოდეს მსოფლიო პატრიარქს. ჩვენ ასეთი აზრი გამოვთქვით, რომ უნდა ეკუთვნოდეს დედა ეკლესიას.“

მარიკა ლორთქიფანიძე: „ეკლესია უნდა აგვარებდეს ამ ყველაფერს, ეკლესიის პრეროგატივაა ეს საკითხები, უწმინდესი ყველაფერს გააკეთებს და თუ მიზანს მიაღწევს ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში.

დღეს ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად წავა ამ წინადადებაზე თურქეთი, თუმცა საერთაშორისო სიტუაციიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დათანხმდნენ კიდეც.“

პარალელურად, ქართული ეკლესია კვლავ წინააღმდეგია ტაო-კლარჯეთში მდებარე ოთხი უნიკალური ქართული ძეგლის: ოშკის, იშხანის, ხანძთისა და ოთხთას რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სამი მუსლიმური სალოცავი შეკეთდეს, ერთი კი ხელახლა აშენდეს.

საქართველოსა და თურქეთს შორის ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ისტორიული ხელშეკრულება, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა შეთანხმება ვერ ხერხდება. საპატრიარქო ამ თემაზე კომენტარს აღარ აკეთებს. საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე კი ამბობს:

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული წინადადება, რომელსაც ამ ფორმით ვთავაზობთ და იმედი გვაქვს რომ თურქეთი ამას გაითვალისწინებს, თუმცა ასეთივე მოლაპარაკების მხარეა თურქეთი, რომელსაც თავისი წინადადებები აქვს და რომელთა განხილვაც უნდა მოხდეს.“

ამასობაში ქართული რენესანსის დროინდელი უმშვენიერესი ძეგლების ნგრევა გრძელდება. კულტურის სამინისტროში, ჯერჯერობით არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რა ზეგავლენა იქონია ისტორიულ ტაოში მდებარე ძეგლებზე, კვირას, თურქეთში მომხდარმა დამაგრეველმა მიწისძვრამ.

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიური უბედურების ეპიცენტრი მოშორებით ვანის პროვინციაში იყო, სპეციალისტები ამბობენ, რომ სხვა და სხვა მასშტაბის დაზიანებას ვერცერთი ქართული ძეგლი გადაურჩებოდა.

XS
SM
MD
LG