რუსული სამოქალაქო საზოგადოება, უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეწყვეტას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, განცხადებას ავრცელებს მოსკოვში მოქმედი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“.
„პუტინის რეჟიმის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი არის დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად დარჩება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ უკრაინასთან ომის და მოვითხოვთ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, - ნათქვამია „მემორიალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კონფლიქტს შესაძლოა „ყველაზე არაპროგნოზირებადი ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს.“
ასევე ნახეთ: უკრაინა - 24 თებერვლის მოვლენები„ახლა ძალიან რთულია სირცხვილის, საშინელებისა და შიშის გრძნობებთან გამკლავება“ - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „სახაროვის ცენტრის“ დირექტორი, სერგეი ლუკაშევსკი.
„სახაროვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველ რიგში შიშობს უკრაინელების გამო და ასევე, იმ რუსი ჯარისკაცების გამო, რომლებიც „ძმათამკვლელ ომში, მოსაკლავად და სასიკვდილოდ“ გაგზავნეს.
„რაც არ უნდა იყოს ამ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭების გონებაში, ისინიც ომის მსხვერპლნი არიან“ - ამბობს ლუკაშევსკი
„რაც ხდება, არის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა და რეალურად, ალბათ, ჯერ ყველას არ გაუცნობიერებია, რომ ახლა წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად მსოფლიოს ბედი, რადგან რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაა. კონფლიქტის პოტენციურ ესკალაციას შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ტრაგიკული შედეგები და მასშტაბები“ - აცხადებს სერგეი ლუკაშევსკი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიაჩესლავ ბახმინი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა, ნათლად აჩვენებს რუსული „ძალაუფლების წრეებში არსებულ სიგიჟეს.“
ასევე ნახეთ: რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ„რა თქმა უნდა, ბოლო მომენტამდე არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ხელისუფლებას ომის გასაჩაღებლად თავხედობა ეყოფოდა“ - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანათავმჯდომარე.
ბახმანი ამბობს, რომ ახლა აგრესიული პროპაგანდით, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება ხალხი დაარწმუნოს, რომ „ომი მშვიდობაა“.
„რა თქმა უნდა უკვე არის მსხვერპლი და მათი რიცხვი მხოლოდ გამრავლდება. ოფიციალური განცხადებების მოსმენა სრულიად უაზროა. ახლა იქნება აგრესიული პროპაგანდა, რომელიც განმარტავს, რატომ უნდა დავეთანხმოთ ყველა იმას, რაც ხდება. როგორ დავარწმუნოთ ხალხი, რომ ომი მშვიდობაა, ეს ჩემთვის დიდი საიდუმლოა“ - ამბობს ვიაჩესლავ ბახმანი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი: ბაიდენმა უკრაინის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან განიხილა