ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი: "თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის"


თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და გულწრფელად დამწუხრებულია რუსეთის შეჭრით, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. უკრაინელი დიპლომატები თურქეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბოსფორის სრუტის გადაკეტვისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრა, სუვერენულ ტერიტორიებზე თავდასხმები განხორციელდა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ერთი ქვეყნის მეორეზე თავდასხმის უდიდესი შემთხვევა იყო.

თურქეთის პრეზიდენტი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთის, ისე - უკრაინის ლიდერებთან ამ დრომდე კონფლიქტში მედიატორის როლის შესრულების ინიციატივით გამოდიოდა, ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

"თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას. "ჩვენ გულწრფელად დამწუხრებულნი ვართ, რომ რუსეთი და უკრაინა - ორი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა, მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კავშირები გვაქვს, ერთმანეთს ასე უპირისპირდება".

უკრაინის ელჩმა თურქეთში, ვასილ ბონდარმა ნატოს წევრ თურქეთს მოუწოდა არ დარჩეს ნეიტრალური ამ კონფლიქტში და უკრაინას რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გადაკეტვით დაეხმაროს.

"თურქეთი შეაფასებს ამ მოთხოვნას და უპასუხებს მას რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ველოდებით სოლიდარობის გამოხატვას", - თქვა ბონდარმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბრის შემდეგ.

უკრაინის თხოვნა თურქეთს რთულ სიტუაციაში აყენებს, რადგან ქვეყანას შავ ზღვაში საზღვაო საზღვარი აქვს როგორც უკრაინასთან, ისე - რუსეთთან. 1936 წლის პაქტით, ამ სრუტეებს ანკარა აკონტროლებს და საომარი ვითარებისას მათი დაბლოკვის უფლება აქვს.

რუსული ძალები უკრაინაში შეჭრისას, ხუთშაბათს შავი ზღვის პორტებსაც დაესხნენ თავს. თებერვლის დასაწყისში კი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში 6 რუსული საბრძოლო და წყალქვეშა გემი შევიდა. მოსკოვმა ეს გემები იქ უკრაინის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს "სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის" მიზეზით განათავსა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.

"ეს თავდასხმა არის სერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედება", - თქვა თურქეთის პირველმა დიპლომატმა.

უკრაინის ელჩი ანკარაში პარტნიორ ქვეყანას მოუწოდებს, შეუერთდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს აგრესიის გამო სანქციებს უწესებენ. თუმცა, ამ დრომდე ანკარა ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა, რათა დაებალანსებინა მისი პოზიციები - ნატოს წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობები და რუსეთთან ძლიერი სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების მქონე სახელმწიფოს ინტერესები.

ხუთშაბათს თურქეთმა მოუწოდა უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში ან უსაფრთხო ადგილებში და არ იმოგზაურონ. უკრაინის საჰაერო სივრცე ახლა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დაკეტილია. "ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ" ის კონფლიქტის ზონად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG