მასალაში რუსეთს და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ბოლო დღის მნიშვნელოვანი მოვლენებია გადმოცემული. გვერდი პერიოდულად განახლდება. დრო მითითებულია ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს სტანდარტული ზონით (EST).
2:32 - პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკა ევროპაში დამატებით 7 000 ჯარისკაცს აგზავნის. შეერთებული შტატების ძალები გერმანიაში განლაგდებიან, ნატოს მოკავშირეთა დასაცავად და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
1:48 - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესდება, რაც მის ეკონომიკას „მძიმე საფასური“ დაუჯდება. „პუტინი აგრესორია. პუტინმა არჩია ეს ომი და ახლა ის და მისი ქვეყანა პასუხს აგებენ“, თქვა ბაიდენმა.
1:30 - უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, მათ ჩერნობილის ატომური სადგური დაკარგეს და ტერიტორიას ახლა რუსეთი აკონტროლებს. მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ამბობს, რომ სადგურის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
12:50 - დამოუკიდებელი დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ რუსეთში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებზე, 1000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ცოტა ხნით ადრე, რუსეთის მთავრობამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ლეგალური შედეგები მოჰყვება.
12:05 - უკრაინაში გაეროს ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მოწვევას ითხოვს, რომელიც საგანგებო სესიაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრას განიხილავს.
11:45 - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსული ძალები ჩერნობილის ატომური სადგურის აღებას ცდილობენ. უკრაინული ძალები მათ წინააღმდეგობას უწევენ.
11:16 - ამერიკის თავდაცვის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მხოლოდ დასაწყისია, „ისინი კიევზე მიდიან“.
10:25 - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დიდი დარტყმა მიაყენა გლობალურ ფინანსურ ბაზრებს. შოკურმა ტალღამ მსოფლიოს თითქმის ყველა ფასიანი ქაღალდების ბაზარს გადაუარა.
9:10 - ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, თავის უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. შეხვედრა საგანგებო სიტუაციების ოთახში გაიმართა. თეთრი სახლის განცხადებით, იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა აგებინონ პასუხი რუსეთს, პროვოცირების გარეშე დაწყებულ გაუმართლებელ თავდასხმაზე.
8:17 - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან და მოუწოდებს პარტნიორებს "ასევე მოიქცნენ".
8:01 - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჯეიმი დეტმერი კიევიდან იტყობინება: სამხედრო აეროპორტი ჰოსტომელი, რომელიც კიევის დასავლეთითაა, ხუთშაბათს დილით სამხედრო ვერტმფრენებით დაბომბეს. ის 20 კილომეტრზე მეტად, უკრაინის სიღრმეშია.
7:54 - ფილიპო გრანდი, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი აფრთხილებს: რუსეთის შეჭრის გამო ჰუმანიტარული შედეგები მშვიდობიან მოსახლეობაზე "აღმაშფოთებელი" იქნება.
7:30 - ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მასშტაბური სანქციებით ემუქრება: "დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასშტაბურ პაკეტზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკის დაუძლურებისთვისაა გამიზნული".
7:01 - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჯეიმი დეტმერი კიევიდან იტყობინება: რუსეთის ძალები კიევის რეგიონში ვილჩას საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს და გაარღვიეს ის. მესაზღვრეები უკრაინის არმიის წარმომადგენლებთან ერთად, გარღვევის ზონის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. დამატებით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს სარაკეტო იერიში მლაჩივკას სასაზღვრო ზონაში, ჟიტომირის რეგიონში, კიევის დასავლეთით". ინფორმაციას ადგილზე პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ავრცელებს.
6:22 - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჯეიმი დეტმერი კიევიდან იტყობინება: უკრაინის არმიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს მარიუპოლის პორტზე მიტანილი თავდასხმის შეკავება. ასევე შეაკავეს იერიში ბელარუსის მიმდებარე ჩერნივზე. დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოსახლეობას მოუწოდებს კიევის დასაცავად გაერთიანდნენ: "თუ კიევი დავიცავით, მაშინ დავიცავთ უკრაინასაც".
6:16 - ასე გამოიყურება უკრაინის რუკა, რომელზეც წითლადაა აღნიშნული რეგიონები, სადაც რუსეთის ძალები შევიდა და საიდანაც აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო ძალების მონაცემებს ეყრდნობა.
5:32 - ნატოს ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც პარასკევს გაიმართება და რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაეთმობა. "უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის საშიშ შეტევას უკრაინაზე, რომელიც სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია" - ნათქვამია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.
5:06 - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერზე" აცხადებს, რომ ქვეყანაზე "ბევრი მიმართულებით სრულმასშტაბიანი იერიში ხორციელდება".
3:48 - ჯოზეფ ბორელი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე "მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ევროპისთვის უმძიმეს წუთებს შორის არის". მისი თქმით, უკრაინას "სასწრაფო დახმარება" ესაჭიროება და ევროპის კავშირის პასუხი იქნება "უძლიერესი".
3:16 - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მას "ბარბაროსობა" უწოდა. "ჩვენ არ მივცემთ პრეზიდენტ პუტინს უფლებას, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაარღვიოს" - განაცხადა მან.
2:07 - უკრაინის ბევრი ქალაქი იბომბება.
2:03 - კიევში საჰაერო თავდასხმის სირენა ჩაირთო
1:49 - უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო "ფეისბუქზე" წერს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები "ომის აქტია" და ეს "გაეროს წესდების და ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების, და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა".
1:45 - ევროსაბჭო და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც ისინი გმობენ რუსეთის "უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ".
12:39 - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ესაუბრება და უდასტურებს მას ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას მეხუთე მუხლის მიმართ, რომელიც ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას ეხება: თავდასხმა 30 წევრიდან ერთზე, ითვლება თავდასხმად ყველაზე.
12:39 - კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსეთის რაკეტების სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურაა. ისინი "ამერიკის ხმას" აცნობებენ, რომ რუსეთის ძალები სამხრეთში საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად იმყოფებიან. რუსი ჯარისკაცები ქალაქ ხარკოვთანაც არიან.
12:15 - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ის ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში.
Facebook Forum