ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას უტევს, პუტინი ნატოსა და ამერიკას აფრთხილებს


რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მოსალოდნელი შეტევა დაიწყეს. დღეს გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო თანამეგობრობის დაგმობისა და სანქციების მიუხედავად, უკრაინაში ომი დაიწყო. მან. საერთაშორისო მოთამაშეები გააფრთხილა, რომ ნებისმიერ ჩარევას მოჰყვება "ისეთი შედეგები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ".

აფეთქებების ხმები ჯერ კიდევ გათენებამდე ისმოდა, კიევში, ხარკოვში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით, პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. რუსეთმა დაიწყო შეტევა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენს სასაზღვრო დაცვაზე. აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის ბევრ ქალაქში. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას ვაცხადებ“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვის დროს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პასუხისმგებლობას მომხდარზე რუსეთს და პუტინს აკისრებს.

"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს", - განაცხადა ბაიდენმა.

"ამ ღამეს, მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობს, რადგან ისინი განიცდიან რუსეთის სამხედრო ძალების არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას. პრეზიდენტმა პუტინმა წინასწარ განზრახული ომი აირჩია, რომელიც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ასევე პარტნიორები მას ერთიანი და გადამწყვეტი გზით უპასუხებენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს", - ნათქვამია თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. ამის მიზეზი კი ხალხის დაცვის აუცილებლობაა.

მისი თქმით, რუსეთს აღარ შეუძლია მოითმინოს და შეეგუოს იმ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინიდან მის ქვეყანას ემუქრება. თქვა, რომ უკრინის სრული ტერიტორიის ოკუპაციას არ აპირებს. თუმცა მისგან ვითარება მოითხოვს გადამჭრელ ზომებს და ამ ოპერაციის მიზანი მხოლოდ ხალხის დაცვაა. "ვხედავთ, რომ იმ ძალებმა, რომლებმაც 2014 წელს მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და მოიპოვეს ძალაუფლება, საბოლოოდ უარი თქვეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე. ჩვენ 8 წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკთებდით ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მაგრამ ყველაფერი ამაოდ".

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი იტყობინება, რომ მათ 5 რუსული საჰაერო ხომალდის და ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხა. თუმცა მოსკოვი საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, უარყოფს, რომ დანაკარგი განიცადა.

პარალელურად, სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები უტევენ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას.

„მაღალი სიზუსტის იარაღით მწყობრიდან გამოგვყავს საომარი ინფრასტრუქტურა, ანტი-სარაკეტო თავდაცვითი ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია“, - ვკითხულობთ მედიის მიერ გავრცელებულ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ახორციელებენ სარაკეტო საავიაციო ან საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე. „სამოქალაქო პირებს, მოსახლეობას არაფერი ემუქრება“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ უკრაინასთან დაკავშირებით "კონფლიქტის ზონის საინფორმაციო ბიულეტენი" გამოაქვეყნა. სააგენტოს განცხადებით, უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის უსაფრთხო არ არის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG