ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ოფიციალური პირი: რუსეთის სამხედრო ძალების 80% უკრაინის ირგვლივ საბრძოლო პოზიციებზეა განლაგებული


ანონიმურმა წყარომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან, სააგენტო "როიტერს" აცნობა, რომ ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჯარის 80% საბრძოლო პოზიციებზე გადაისროლა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად მზადაა.

"ის იმდენად მზადაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია",- უთხრა ანონიმურმა წყარომ "როიტერს". "ისინი მზაობის იმ ეტაპზე არიან, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით [ომის] დასაწყებად მზად არიან ახლავე, თუკი ამის ბრძანებას მიიღებენ",- თქვა თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთს, უკრაინის საზღვართან 150,000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრის დაშორებით დგანან.

რუსული ძალები, რომელიც ახლა უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული, ძირითადად სახმელეთო ჯარები არიან, მათ შორის 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. თუმცა, პუტინმა 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდიც განათავსა შავ ზღვაში, მათ შორის არის სადესანტო ხომალდები საზღვაო ქვეითებით.

საბრძოლო ხომალდებზე მნიშვნელოვანი საარტილერიო და სარაკეტო ძალებიცაა განთავსებული. ამ ინფორმაციასაც ანონიმურობის გარანტიაზე დაყრდნობით, ამერიკის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ავრცელებს.

XS
SM
MD
LG