უკრაინამ 18-დან 60 წლის ასაკამდე რეზერვისტების გამოძახება დაიწყო. რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის საფრთხის წინაშე მყოფი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე, რეზერვისტებს ერთ წლამდე ვადით სამსახური მოუწევთ.
ამისგან დამოუკიდებლად, 23 თებერვალს, უკრაინის უშიშროების საბჭომ 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გეგმები დაამტკიცა. შესაძლოა დოკუმენტების და ავტომობილების გაძლიერებული შემოწმება და სხვა ზომები შემოიღონ.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ფორმალურად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკის და ლუჰანსკის ნაწილების გარდა - სადაც საგანგებო მდგომარეობა 2014 წლიდან მოქმედებს - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.
22 თებერვალს, სატელევიზიო მიმართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ ის რეზერვისტების გაწვევას მოახდენს, მაგრამ ამ დროისთვის ჯარის საერთო მობილიზაციის ბრძანებას არ გასცემს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამატა, რომ ჯერ კიდევ ეძებს მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის გზას, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა რუსეთს არანაირ ტერიტორიას არ დაუთმობს.
უკრაინამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა რუსეთში გამგზავრებას მოერიდონ და ვინც იმ ქვეყანაში იმყოფება, ის დაუყოვნებლად დატოვონ. მთავრობამ ამის მიზეზად, რუსეთთან დაძაბულობის გამო საკონსულო მომსახურების მოშლის შესაძლებლობა დაასახელა.