ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგრესია და სასჯელი - სად გაჩერდებიან ტანკები?


ვლადიმირ პუტინი უკრაინის არსებობის უფლებასაც კი ესხმის თავს. რა ჰგონია მას, ვინ აძლევს უფლებას გამოაცხადოს ახალი ე.წ. სახელმწიფოები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის?! ესაა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე პასუხს მოითხოვს“, - ამ სიტყვებით წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს უკრაინის სუვერენული ტერიტორიები, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნო და მათი დამოუკიდებლობის დეკლარაციებთან ერთად, მათთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსაც მოაწერა ხელი. მეორე დღეს კი მან ფედერაციის საბჭოსგან (პარლამენტის ზედა პალატისგან) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნის უფლებაც მიიღო.

აგრესია და სასჯელი

კრემლის გადაწყვეტილებათა ეს სერია მალევე დაგმეს დასავლეთის თითქმის ყველა დედაქალაქში. ამერიკამ, ევროკავშირმა და სხვა პარტნიორებმაც დააწესეს სანქციები, რომელთა დამძიმების პირობასაც დასავლეთში ერთხმად დებენ, თუკი კრემლი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან აქამდე დაანონსებული შეხვედრაც გააუქმა და თქვა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაიწყებოდა, რუსეთი კი „აშკარად „უარს ამბობს დიპლომატიაზე. შეხვედრას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს“, - თქვა ამერიკის პირველმა დიპლომატმა.

ანალიტიკოსების აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპასუხო ნაბიჯი გერმანიის მხრიდან რუსული გზასადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება იყო. ამ მნიშვნელოვანი მილსადენით რუსული გაზი ევროპას უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდოს და მისი მშენებლობა წლების განმავლობაში უთანხმოების საგანი იყო თავად ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს შორისაც კი.

როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, ვაშინგტონსა და ბერლინში ამას არ დაიჯერებენ. ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადააადგილებით,
- მეთიუ ბრაიზა

"ეს ნამდვილად მტკივნეული იქნება რუსეთის ლიდერებისთვის. ისინი სულ ამბობენ, რომ ევროპელებს ეშინიათ ჩვენი, ჩვენგან გაზის გადაკეტვის. ეს აჩვენებს, რომ დასავლეთი რჩება ერთიანი და სურს გადადგას რუსეთის ქმედებების საპასუხო ზომები. დიახ, ეს ცხადად არის აღქმული ვაშინგტონსა და ბერლინში, როგორც რუსეთის მეორედ შეჭრა უკრაინაში. გერმანიამაც ეს ნაბიჯი გადადგა სწორედ იმიტომ, რომ ეს მიაჩნია მეორედ შეჭრად“, - განმარტავს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა.

რაში სჭირდება პუტინს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება?

ევროპელი ლიდერები წინა კვირასაც მოუწოდებდნენ ვლადიმირ პუტინს, უარი ეთქვა ამგვარ ღია ესკალაციურ და უკრაინის სუვერენიტეტის პირდაპირ შემლახავ ნაბიჯზე. ანალიტიკოსები „ამერიკის ხმასთან“ საუბარში იმასაც ამბობდნენ, რომ ეს კრემლის ინტერესებს ახლა სულაც არ შეესაბამებოდა და ეს ნაბიჯი ავტომატურად დაასრულებდა „მინსკის შეთანხმებების“ სახელით ცნობილ სამშვიდობო პროცესს.

ამ შეთანხმებების განხორციელება უკრაინის პოლიტიკურ დღის წესრიგში, სახელმწიფო და საკანონმდებლო დონეზე ლუჰანსკისა და დონეცკის „სპეციალური სტატუსით“ ჩართვას გულისხმობდა და კრემლი ხშირად მიუთითებდა იმაზე, რომ კიევი ამ პირობას არ ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიებზე მეორე მხრივ, არც ცეცხლი შეწყვეტილა, და ისინი არც “უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს“ დაუტოვებია. კრემლი უარყოფდა, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, ამბობდა, რომ რუსეთი არაა კონფლიქტის მხარე და მას შეთანხმების პირობები არ ეხება.

აღიარება - კრიზისის დასასრული თუ ომის წინაპირობა?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00

„მინსკის შეთანხმებები მოკლა კიევმა ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოსკოვი ლუჰანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს აღიარებდა. რუსეთს არ შეეძლო კვლავაც მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს და განმარტა, რომ „ევროპამ ვერ შეძლო კიევის იძულება, შეესრულებინა „მინსკის მეორე შეთანხმება“ და აღიარების გარდა სხვა გამოსავალი არ რჩებოდა.

„პუტინს არასდროს ადარდებდა მინსკის შეთანხმება, ახლოსაც კი არ მისულა მის შესრულებასთან. ორშაბათს მისი გამოსვლა, მისი პარანოიდული, უცნაური დაუსრულებელი საუბარი, იყო როგორც ყოველთვის ტყუილები. ის დიდი ხანია იმასაც ამტკიცებდა, რომ შეთანხმების მხარე არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მოაწერა. დიახ, ეს იყო კიევისთვის თავში უწესოდ წამოსარტყმელი ინსტრუმენტი. მაგრამ ეს შეთანხმება პუტინისთვის მაინც არაფერს ნიშნავდა. ვფიქრობ, საშინელება იყო, რომ პარიზმა და ბერლინმა აიძულეს პრეზიდენტი პოროშენკო მის პირობებს დათანხმებოდა", - ამბობს ბრაიზა, რომელიც 2008 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში: "ეს შეთანხმება იმაზე უარესიც კი იყო, რომელზე ხელის მოწერაც საქართველოს მოუხდა 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან დაბრუნდა და მანამდე შემუშავებული შეთანხმება ფაქტობრივად სრულად გააანადგურა. ეს შეთანხმება აიძულებდა ქართველებს, გამოეყვანათ ჯარები საკუთარი ტერიტორიიდან, სამხრეთ ოსეთიდან“, - იხსენებს ბრაიზა, რომელიც 2008 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

უკრაინა კვლავ აკონტროლებს დონბასის ტერიტორიის ნახევარზე მეტს. ეს კი ნამდვილად არის შემდგომი სამხედრო ქმედებების რეცეპტი [კრემლისთვის], რათა სცადოს ამ საზღვრების ცვლილება. ვფიქრობ, ფოკუსი სწორედ ამ ტერიტორიებზე იქნება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იქ დამთავრდება, ცდება,
- იან კელი

ამჯერად ანალიტიკოსები უკვე ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინს მოთმინება ამოეწურა და იმასაც მიხვდა, რომ უკრაინაზე ზეწოლის ინსტრუმენტად მინსკის შეთანხმებები არ გამოადგებოდა. სწორედ ამიტომ, მან ღიად ესკალაციური ნაბიჯი გადადგა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად ცნობა რუსეთის პრეზიდენტისთვის მისივე მიერ შექმნილი კრიზისიდან ერთგვარი „გასვლის სტრატეგიაც“ კი შეიძლებოდა ყოფილიყო, რათა უკან დახევის გზაზე ეს ერთგვარ მონაპოვრად გაეფორმებინა და ცრუ მობილიზაციით გამოწვეული შესაძლო შიდა უკმაყოფილება გადაეფარა. მაგრამ ახლა უკვე ცოტასღა ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არათუ კრიზისის დასასრული, არამედ მისი ახალი ეტაპი და ახალი მასშტაბებია.

სამშაბათს კრემლმა განმარტა, რომ „დამოუკიდებელი რესპუბლიკები“ იმ საზღვრებში იქნა „აღიარებული“, რა საზღვრებიც რეგიონებს 2014 წელს ოფიციალურად ჰქონდათ - მაშინ, როცა თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ეს კი ბევრად სცდება იმ ტერიტორიებს, რომელთაც ახლა პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინის ხელისუფლებამ 8 წლის წინ დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიების დაახლოებით ორ მესამედზე კონტროლი შეინარჩუნა. მათ შორის - აზოვის ზღვაზე მარიუპოლის მნიშვნელოვან პორტზეც. „უკრაინა კვლავ აკონტროლებს დონბასის ტერიტორიის ნახევარზე მეტს. ეს კი ნამდვილად არის შემდგომი სამხედრო ქმედებების რეცეპტი [კრემლისთვის], რათა სცადოს ამ საზღვრების შეცვლა. ვფიქრობ, ფოკუსი სწორედ ამ ტერიტორიებზე იქნება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იქ დამთავრდება, ცდება. და ამის მიზეზი სწორედ პუტინის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებებია“, - ამბობს კიდევ ერთი ყოფილი დიპლომატი და ამერიკის ყოფილი ელჩი ეუთოსა და საქართველოში იან კელი.

კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში ამ წლების განმავლობაში 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეთიუ ბრაიზა
მეთიუ ბრაიზა

“სეპარატისტები იქ არაფერს წარმოადგენენ, ისინი რუსეთის მარიონეტები არიან. ახლა ეს არის რუსეთისთვის შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონტროლი დონბასზე, ან სულ მცირე, გამოიყენოს დონეცკი და ლუჰანსკი შემდეგ როგორც პლატფორმა, უკრაინის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციისთვის, ან ნატოში უკრაინის წევრობისთვის ხელის შესასლელად, ან მომავალში, როგორც მეტი სამხედრო ქმედებების პლატფორმა უკრაინის წინააღმდეგ, თუკი რუსეთი ასე მოისურვებს. ვფიქრობ, მოსკოვი აპირებს სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

ამერიკის ყოფილი ელჩი და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი იან კელიც მიიჩნევს, რომ ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადება დიპლომატიის დასასრული და აგრესიის ახალი ეტაპის დასაწყისია. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა, მინსკის პროცესი მხარეებს დიპლომატიურ გამოსავლამდე მიიყვანდა, მასზე უარის თქმით, ეს გზა საბოლოოდ ჩაიკეტა. მეორე მხრივ კი, ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი, პუტინის ის ბოლო ხანგრძლივი გამოსვლა იყო, სადაც ის მაყურებელს სთავაზობდა გამართლებას პრაქტიკულად ყველა დონის აგრესიისთვის: „ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ ვლადიმირ პუტინმა პრაქტიკულად სისტემურად წარმოადგინა ის მიზეზები, რატომაც არალეგიტიმურია არა მხოლოდ უკრაინული სახელმწიფო, არამედ ყველა ის სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში მოიპოვა და რომელთაც ის „ადმინისტრაციულ ერთეულებს“ უწოდებს. პუტინი ამბობს, რომ მათ მიერ სახელმწიფოებრიობის მოპოვება შეცდომა იყო“. კელი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინმა ზოგიერთი ის „პრობლემაც“ კი დაასახელა, რასაც ბუშის ადმინისტრაცია ერაყში შესვლის და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მიზეზად ასახელებდა.

იან კელი
იან კელი

„მან არსებითად თქვა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა. უფრო მეტად შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს იყო სიგნალი, რომ მას უფრო ღრმად სურს წასვლა. ამის ერთადერთი გზა - არის სამხედრო გზა. კიდევ ერთი საშიში სიგნალი იყო ასევე ცრუ მტკიცება მისი მხრიდან, რომ უკრაინის ახლანდელი მთავრობა არის საფრთხე, მან გამოიყენა ფრაზები „ამერიკის კოლონია“, „მარიონეტული რეჟიმი“. მან კიევი დაადანაშაულა ყირიმსა და რუსეთში ტერორისტული აქტების მოწყობაში, თქვა, რომ უკრაინაში ნატო საჰაერო ბაზების მოდერნიზებას ახდენს და ამის მიზანი ამერიკის მიერ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის განვითარებაში დახმარებაა. ეს სასაცილოა, მაგრამ ყველაზე შემაწუხებელიც“, - ამბობს იან კელი.

სანქციების კიბე

დასავლეთში გაკეთებული შეფასებები გასულ კვირებში ერთგვარ დაბნეულობას იწვევდა იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში და რა მასშტაბის სანქციებს აამოქმედებდა ამერიკა და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ. რა ჩაითვლებოდა კიდევ ერთ „შეჭრად“ და რა - არა. თეთრი სახლი განმარტავდა, რომ რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის თითოეული ის მოძრაობა, რაც იმ ტერიტორიას გასცდებოდა, რასაც ამ დრომდე სეპარატისტები აკონტროლებდნენ, აგრესიის გაგრძელებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ „სიტყვების თამაში“ ვლადიმირ პუტინს აღარ გამოსდის და დასავლეთისთვის უკრაინაში ხელმეორე შეჭრა უკვე ნათელია, ამის დასაწყისი კი სწორედ ტერიტორიების ე.წ. „აღიარება“ და ჯავშანტექნიკის ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა გადააადგილებაა.

“როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, ნატოს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ მიიღებენ, არ დაიჯერებენ. ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადააადგილებით“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

კარგად ნაცნობი სცენარი

მოვლენათა განვითარების სცენარი ბევრისთვის ნაცნობია: 14 წლის შემდეგაც, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტიც კი სიტყვა-სიტყვით მეორდება. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ მსგავსება ბევრად იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: მსგავსია დამოუკიდებლობის ეს პრაქტიკულად გადაწერილი, გადაკოპირებული დეკლარაცია; რუსულენოვანი მოსახლეობის პასპორტიზაცია; ერთგვარი მცოცავი აღიარება - სპეციალური სამართლებრივი სტატუსები, უსაფრთხოების ძალების განლაგება და რაც ბრაიზას თქმით, ყველაზე თვალსაჩინო იყო, საარტილერიო თავდასხმების გამოყენება იმ იმედით, რომ ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს და შემდეგ შეჭრას გაამართლებს.

"2008 წელს არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, აღარავის სჭირდება რუსეთის გამოაშკარავება, ის აჩვენებს მსოფლიოს, რა არის სინამდვილეში პუტინის რუსეთი,
- მეთიუ ბრაიზა

დიპლომატის აზრით, მსგავსია შეიარაღებული ძალების მობილიზება სამხედრო წვრთნების საბაბითაც, იქნებოდა ეს მაშინდელი „კავკაზი“ თუ დღევანდელი ბელარუსი. ასევე, „სპექტაკლი ბირთვული იარაღის დემონსტრირებით“ და ბევრი სხვა რამ. ბრაიზას აზრით, კიდევ ერთი საგულისხმო მსგავსება ისაა, რომ დასავლეთში 14 წლის წინაც და ახლანდელი კრიზისის პირველ ეტაპზეც, არ სურდათ დაეჯერებინათ „არაკომფორტული სიმართლე“ იმის შესახებ, რომ კრემლი ომის პროვოცირებას ცდილობდა და ცდილობს:

„კიდევ ერთი რამ, რაც ამ ორ სიტუაციაში მსგავსია, არის ის, რომ დასაწყისში ნატოს ევროპელი წევრები არ იღებდნენ არახელსაყრელ სიმართლეს იმის შესახებ, რომ პუტინი ომის პროვოცირებას ახდენდა. მე ვშიშობდი, რომ ისინი მხოლოდ სუსტად, მორიდებულად და კვლავ ისე უპასუხებდნენ და დასჯიდნენ რუსეთს, რომ ეს ყველაფერი მაინც „თბილად გამოიყურებოდეს“. მაგრამ დღეს, უკვე გაცემული პასუხებით ჩანს, რომ ალიანსი არის ერთიანი და ევროპელებს სურთ, რომ გაატარონ ზოგიერთი მკაცრი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ამჯერად დიდი განსხვავებაა. ამასთან, ახლა ამ მოვლენებს მთელი მსოფლიო უყურებს და აკვირდება. მაშინ, არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, აღარავის სჭირდება რუსეთის გამოაშკარავება, ის აჩვენებს მსოფლიოს, რა არის სინამდვილეში პუტინის რუსეთი“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი და მკვლევარი.

ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ მაშინაც კი, როდესაც ძნელია გამოცნობა, გადაწყვეტს თუ არა ვლადიმირ პუტინი კიევში ხელისუფლების დამხობას, „მან უკვე წარმოადგინა ამ ნაბიჯის რაციონალური მიზეზები“. The Bulwark-ში კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსან და მკვლევარ დევიდ კრამერთან ერთად გამოქვეყნებულ სტატიაში, კელი სწორედ იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ უნდა ესმოდეს ყველას, რომ ვლადიმირ პუტინის მიზნები სცდება უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს, მოლდოვას და ბევრ სხვა ევროპულ სახელმწიფოსაც. მკვლევრები წერენ, რომ კრემლი ცდილობს დარწმუნდეს, რომ მის მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიული პროგრესი შეფერხდება და ის ფაქტი, რომ უკრაინა ჯერაც მტკიცედ დგას ფეხზე, არ ნიშნავს, რომ ამ გამოწვევას პუტინის „ბულინგის“ სხვა მსხვერპლიც ასევე გაუმკლავდება. კელი და კრამერი გასაკვირს უწოდებენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ მატერიალური და ვერბალური მხარდაჭერის ნაკლებობას და ამას რუსეთისთვის „სასიამოვნო პოზიციის“ ქონის კონტექსტში განიხილავენ.

„მე მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც გამოიყურება ისე, თითქოს ისინი ცდილობენ ასიამოვნონ, ან შეიძლება უნდა ვთქვა, არ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება: მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უკან გაბრუნება, ჩემი აზრით, ძალიან რეტროგრადულია და არ შეესაბამება დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნის ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უნდა დავინახოთ, როგორ უპასუხებს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველ აგრესიას და ამ ძალიან მუქარისშემცველ ენას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, საქართველო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს“, - ამბობს კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ჩვენ კიდევ უნდა ვნახოთ როგორ უპასუხებს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველ აგრესიას და ამ ძალიან მუქარისშემცველ ენას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, საქართველო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს,
- იან კელი

მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ საქართველოში ახლა ყველა, მათ შორის მთავრობა, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები უნდა ახსენებდნენ მსოფლიოს, რომ ის, რასაც პუტინი უკრაინას უკეთებს, მან უკვე გაუკეთა საქართველოს.

„როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი. 2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო. ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი.

XS
SM
MD
LG