ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: "თუ რუსეთი განაგრძობს ესკალაციას, ჩვენც განვაგრძობთ სანქციების ესკალაციას"


თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების „პირველი ტრანშის“ შესახებ ისაუბრა. ამ გამოსვლიდან მალევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ერთობლივი პრეს-კონფერენცია ჩაატარეს.

თუ "რუსეთი განაგრძობს ესკალაციას, ჩვენც [ამერიკა] განვაგრძობთ სანქციების ესკალაციას"- თქვა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ენტონი ბლინკენმა. მისი განცხადებით, უკრაინა საფრთხეშია, პრეზიდენტი პუტინი კი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. ბლინკენის განცხადებით, ყოველთვის, როდესაც რუსეთი არღვევს ამ საერთაშორისო კანონებს, ის საფრთხეს უქმნის არა მარტო იმ ქვეყანას, რომელსაც ემუქრება, არამედ მთელ მსოფლიოს.

ენტონი ბლინკენმა ასევე ახსენა მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის შეხვედრაც, რომელიც მიმდინარე კვირის ხუთშაბათს უნდა შემდგარიყო, თუმცა ბლინკენის ინიციატივით, ეს შეხვედრა გაუქმდა.

"რაც უნდა იყოს მისი [პუტინის] გადაწყვეტილება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში და ამის დემონსტრაცია მოვახდინეთ დღეს, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით“.

„გასულ კვირას მე დავთანხმდი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვ სშევხვდებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ახლა ამ შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. ამის შესახებ მე მქონდა კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ვაცნობე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც“,- თქვა ენტონი ბლინკენმა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების კონფერენციის დიდი ნაწილი სანქციებზე და მათ მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო.

„რუსეთმა, აშკარად აირჩია, რომ უარი ეთქვა დიპლომატიასა და დიალოგზე და ამის მაგივრად აგრესიის გაგრძელება აირჩია. ამის შედეგად ჩვენ დავიწყეთ მძიმე შედეგების [რუსეთზე დაკისრება], რაზეც აქამდეც ვსაუბრობდით, რომ მოყვებოდა რუსეთის აგრესიას“,- თქვა ბლინკენმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს „კონკრეტული ნაბიჯები“ უწოდა და მადლობა გადაუხადა ამერიკას ქმედებისთვის. იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა მან სხვა ქვეყნებსაც. როგორც კულება ამბობს, დღეს რამდენიმე ქვეყანამ სიტყვიერად დაგმო რუსეთის ქმედება, თუმცა მათი პოზიცია არ გამოხატულა ქმედებით, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ორი გეგმა გვაქვს: პირველი გეგმაა, რომ გამოვიყენოთ დიპლომატიის ყველა გზა, რათა შევაჩეროთ რუსეთი და შეწყდეს ესკალაცია. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოვა, მეორე გეგმაა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი მიწის ყველა მტკაველის, ყველა ქალაქის, ყველა სოფლისთვის და [გეგმაა, რომ] რა თქმა უნდა, ვიბრძოლოთ იქამდე, ვიდრე გავიმარჯვებთ“.

„არ არსებობს მცირე, ან დიდი შეჭრა. შეჭრა არის შეჭრა. როგორც უკვე ვთქვი, ვაფასებთ დღევანდელ სანქციებს, რომელიც ძალიან კონკრეტული და მტკივნეულია რუსეთისთვის“,- თქვა კულებამ. „ეს არის ის, რასაც შეუძლია, რომ იმუშაოს, თუ ის გაგრძელდება მდგრადად. პრეზიდენტ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ამოსუნთქვის საშუალება და ის არ უნდა ფიქრობდეს, რომ ეს არის ბოლო წერტილი, ესაა დასასრული და ის მეტად აღარ დაისჯება. ეს ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და თუ ის მოიცავს ახალი სანქციების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით ამის ხილვით“,- დაამატა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მინისტრმა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისი აზრით მნიშვნელოვანი იქნებოდა ისიც, რომ სანქციების ნაწილი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაწესებულიყო.

ენტონი ბლინკენის თქმით, მხოლოდ სანქციები არ იქნება ის, რაზეც ამერიკა იმუშავებს რუსეთის შესაჩერებლად, სხვადასხვა ნაბიჯებს შორისაა ნატოს გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე, ასევე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება „უსაფრთხოების, დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული - ყველა ამ მიმართულებით“.

დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა კვლავ მზადაა დიპლომატიისთვის, თუ რუსეთი ამას დათანხმდება. თუმცა, ქვეყანა ყველა სცენარს განიხილავს. შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა მარიუპოლისა და ხარკოვის მოსახლეობის ევაკუაციას, კულებამ უპასუხა, რომ უკრაინა არ აპირებს ამ ტერიტორიებიდან ხალხის გაყვანას.

პუტინის მიზნები უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:42 0:00

„ჩვენ ორი გეგმა გვაქვს: პირველი გეგმაა, რომ გამოვიყენოთ დიპლომატიის ყველა გზა, რათა შევაჩეროთ რუსეთი და შეწყდეს ესკალაცია. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოვა, მეორე გეგმაა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი მიწის ყველა მტკაველის, ყველა ქალაქის, ყველა სოფლისთვის და [გეგმაა, რომ] რა თქმა უნდა, ვიბრძოლოთ იქამდე, ვიდრე გავიმარჯვებთ“,- თქვა კულებამ.

ყველა სცენარისთვის მზაობაზე ისაუბრა ენტონი ბლინკენმაც და თქვა რომ: „პრეზიდენტი პუტინი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის იღებს. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხელშია, რომ ამაზე გავლენა ვიქონიოთ, მაგრამ, როგორც სულ ვამბობ: რაც უნდა იყოს მისი [პუტინის] გადაწყვეტილება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში და ამის დემონსტრაცია მოვახდინეთ დღეს, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით“,- თქვა ბლინკენმა.

ამ ეტაპზე სანქციები რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის სუვერენულ ვალზე წესდება. ოთხშაბათიდან კი შეერთებული შტატები სანქციებს მოსკოვის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს დაუწესებს. სანქციები შეეხება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად ორსაც“.

XS
SM
MD
LG