ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პუტინს არ აქვს ინტერესი, გულწრფელად ჩაერთოს დიალოგში“ - აშშ-ის ელჩი ნატოში


ჯულიან სმიტი, აშშ-ის წარმომადგენელი ნატოში.
ჯულიან სმიტი, აშშ-ის წარმომადგენელი ნატოში.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელსაც ეს აქამდეც გაუკეთებია. რუსეთი უკვე შეიჭრა უკრაინაში. [წარსულში] ის შევიდა საქართველოში, შევიდა მოლდოვაში. კიდევ ერთხელ, ის ირჩევს სამხედრო გზას, სხვა სუვერენული ერის ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად“ - აცხადებს, ნატოში აშშ-ის წარმომადგენელი.

“ბოლო მოვლენები, მიმართვა, რომელიც პრეზიდენტ პუტინისგან გუშინ მოვისმინეთ, დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინს არ აქვს ინტერესი, გულწრფელად ჩაერთოს დიალოგში“ - ასე ეხმაურება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების შესახებ, ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელი.

ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ მოკავშირეები ერთიანნი არიან შეხედულებაში, რომ დიალოგის კარი ღია უნდა დარჩეს. „ყველანი ვთანმხდებით, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ - აცხადებს სმიტი.

ელჩის თქმით, მოკავშირები თანხმდებიან, რომ მოსკოვის ნაბიჯი მიანიშნებს, რომ მინსკის შეთანხმებები „არსებითად მკვდარია.“

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, შეერთებული შტატების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი სუვერენული ერების ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, სამხედრო მეთოდებს წარსულშიც იყენებდა, მათ შორის, თავად უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

"ეს ფუნდამენტურად უთხრის წირს პრინციპებს, რომლებზეც დაფიძნებულია ყველაფერი, რაც ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, 70 წლის განმავლობაში გავაკეთეთ" - აცხადებს სმიტი.

სმიტი ამბობს, რომ ნატოს მოკავშირეები აკვირდებიან რუსეთის მოძრაობას უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ და რომ ბლოკი აგრძელებს "სიფხიზლეს, რათა უპასუხოს მოვლენების ნებისმიერ შესაძლო განვითარებას".

XS
SM
MD
LG