ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მეხუთე კოლონა“ თბილისიდან პუტინს მიმართავს


„ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ჩვენი აზრით, ფუძემდებელი მიდგომა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა იყოს; „საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა"; "საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონალურ და, მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს"; "მივისწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ";

ეს არის მოკლე ამონარიდი წერილიდან, რომელიც რუსულ ენაზე თბილისიდან ღიად პრორუსულმა ძალებმა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნეს. წერილს ხელს აწერენ „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული მარშის“ ლიდერები დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი და სანდრო ბრეგაძე.

ასევე: შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი ყოფილი ჩინოვნიკები: ვალერი კვარაცხელია, ნანა დევდარიანი, მარინა მოლოდინი, თამაზ დაუშვილი, ურუზმაგ ქარქუსოვი და ირაკლი შიხიაშვილი.

ხელმომწერთა შორის არიან ომის ვეტერანებიც, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთში იბრძოდნენ: თადარიგის პოლკოვნიკი ნაურ ჯიქია, იგი აფხაზეთის ომში 24-ე ბრიგადის არტილერიას ხელმძღვანელობდა; თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილს კი სოხუმის დაცემის შემდეგ, მცირე ხნით გენშტაბის უფროსის პოსტი ეჭირა, ბოლოს კი დსთ-ის სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაციის შტაბის უფროსის მოადგილე იყო.

ჩვენ წლების მანძილზე, ვსაუბრობთ, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტი, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები და უნდა ავირჩიოთ მკაფიო ნეიტრალიტეტი“
ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსი"

“ჩვენ წლების მანძილზე, ვსაუბრობთ, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტი და დავამუშავეთ, ავსტრიელ კოლეგებთან ერთად, „ქართული ნეიტრალიტეტის“ მოდელი, 80 გვერდზე მეტია ეს დოკუმენტი. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები და უნდა ავირჩიოთ მკაფიო ნეიტრალიტეტი“ - აცხადებს „პატრიოტი“ ირმა ინაშვილი.

პუტინისთვის თბილისიდან წერილის გაგზავნას, რომელსაც ხელი 60-მდე პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა მოაწერა, წინ უსწრებდა „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის“ დაფუძნება. "ერთიან ფრონტში" გაერთიანებულებმა ასევე მოითხოვეს „საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რათა საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდეს!“

“ნეიტრალიტეტი არის სატყუარა, რომელსაც რუსეთი ისტორიულად იყენებს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისთვის” - მიაჩნია ისტორიკოს ბექა კობახიძეს. „1935-1939 წლებში ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ზედიზედ გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი იმ ილუზიით, რომ მიუმხრობლობა საგარეო აგრესორთან მშვიდობის დამყარებაში დაეხმარებოდათ. ისინი შეცდნენ. რუსეთმა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა დაიპყრო 1940 წელს, ხოლო ფინეთს, ტერიტორიები წაართვა.

“ნეიტრალიტეტი არის სატყუარა, რომელსაც რუსეთი ისტორიულად იყენებს. ნეიტრალიტეტის იდეის უკან იმალება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებიდან გათიშვის, ქვეყნის მარტო დატოვებისა და ამას მოყოლებული რუსეთის გაძლიერებული დომინირების ან მომავალი აგრესიის სურვილი.
ბექა კობახიძე, ისტორიკოსი

ნეიტრალიტეტის იდეის უკან იმალება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებიდან გათიშვის, ქვეყნის მარტო დატოვებისა და ამას მოყოლებული რუსეთის გაძლიერებული დომინირების ან მომავალი აგრესიის სურვილი.

გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ კავკასიის ტურბულენტურ რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიებისა და თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში განლაგებული რუსული ბაზების გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტის რეალისტურობა დაიჯერო. ამ ფონზე, ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს.“ - ამბობს ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

საქართველოს კანონდებლობით, „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“. საქართველოს მთავრობა თბილისიდან პუტინისადმი მიმართვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG