ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა კანონმდებლებმა პუტინს უფლება მისცეს რუსეთის საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალა გამოიყენოს


რუსმა კანონმდებლებმა, ვლადიმირ პუტინს, ოფიციალურად მისცეს ნებართვა, რომ სამხედრო ძალა ქვეყნის გარეთ გამოიყენოს. რუსეთის ფედერალური საბჭოს ზედა პალატის წევრებმა, ანონიმური კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი და უფლება დართეს პუტინს, რომ გამოიყენოს სამხედრო ძალა ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

ახლა რუსული სამხედრო ძალები ოფიციალურად შეძლებენ ომი განაახლონ უკრაინის რეგიონებში, სადაც 8-წლიანმა კონფლიქტმა 14,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები უკვე დიდი ხანია, რაც ამტკიცებენ, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იბრძვიან. ბრალდებას მოსკოვი უარყოფს.

დღესვე, თეთრმა სახლმა, რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებას ოფიციალურად უწოდა "შეჭრა". აქამდე ოფიციალური ვაშინგტონი ამ სიტყვის გამოყენებისგან თავს იკავებდა, თუმცა ახლა ეს უკვე ამერიკის ოფიციალური პოზიციაა: რუსეთი ხელახლა შეიჭრა უკრაინაში.

"დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შეჭრის დასაწყისი, რუსეთის ყველაზე ბოლო შეჭრა უკრაინაში",- უთხრა ტელეკომპანია სიენენს ჯონ ფაინერმა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის წამყვანმა მოადგილემ. "შეჭრა არის შეჭრა და ის ახლა მიმდინარეობს",- დაამატა ამერიკის ოფიციალურმა პირმა.

უკრაინაში და უკრაინის გარშემო ახლა რუსეთს, დაახლოებით 150,000 სამხედრო ჰყავს განლაგებული. ერთობლივი წვრთნებისთვის ბელარუსში ჩასული 30,000 რუსი სამხედროც უკრაინიდან ჩრდილოეთით, კიევთან ყველაზე ახლოსაა განლაგებული.

XS
SM
MD
LG