ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება დაიძაბა


რუსეთის მხარდაჭრილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთს დახმარებისთვის მიმართეს. თეთრმა სახლმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს რუსეთის კიდევ ერთი გამოგონილი მიზეზია, რათა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გაამართლონ. "ეს ამის მაგალითია", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ.

ამ ფონზე, კიევმა რეზერვისტების მობილიზება დაიწყო. დაძაბულობის ზრდასთან ერთად, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის დაკეტილია ხარკოვის, ხერსონის, დნეპროს და ზაპოროჟიეს აეროპორტები.

დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი, საკუთარ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ის ეცადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით საუბარს, თუმცა პასუხად „სიჩუმე“ მიიღო.

„როიტერი" თვითმხილველზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრიდან სამხედრო შეიარაღება და 9 ტანკი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკის მიმართულებით გადაადგილდა. გახშირდა ასევე საარტილერიო ცეცხლი ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე.

„მე ვითხოვ დახმარებას, რომ წინ აღვუდგეთ უკრაინის რეჟიმის სამხედრო აგრესიას, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა დენის პუშილინმა, რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერმა დონეცკში, რუსეთისადმი მიმართვაში.

უკრაინამ საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შეკრება მოითხოვა. საკუთარ გამოსვლაში კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა და მათ მოუწოდა არ დაუჭირონ მხარი კრემლის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, „ჩვენ განვსხვავდებით. თუმცა, ეს არაა მიზეზი ვიყოთ მტრები“, - თქვა ზელენსკიმ.

ამ დროისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვარზე, 190,000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ვაშინგტონი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. დასავლეთის ქვეყნებმა გასულ დღეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ განაცხადეს, მას შემდეგ რაც მოსკოვმა უკრაინის რეგიოონების დამოუკიდებლობა "აღიარა". თეთრი სახლის თქმით, სანქციების ესკალაცია მოხდება, თუ პუტინი სამხედრო ესკალაციას მიმართავს.

რუსეთი უარყოფს თავდასხმის გეგმას.

XS
SM
MD
LG