უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.
„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით, პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. რუსეთმა დაიწყო შეტევა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურებზე და ჩვენს სასაზღვრო დაცვაზე. აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის ბევრ ქალაქში. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას ვაცხადებ“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვის დროს.
ზელენსკის თქმით, ის ამერიკის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა და ამერიკა რუსეთის პასუხისთვის ემზადება. ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინელებს მოუწოდა არ შეეშინდეთ და სახლებში დარჩნენ.
„დღეს, ყველა თქვენგანი მშვიდად უნდა იყოს. თუ შეგიძლიათ დარჩით სახლში. ჩვენ ვმუშაობთ, არმია მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერისადმი მიმართვის დროს.
მოსკოვის დროით, 24 თებერვალს გამთენიისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციების“ გატარება გადაწყვიტა. ორი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის რეგიონები, დონეცკი და ლუჰანსკი, ე.წ. „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამოაცხადა.
მოსკოვის მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალ შეჭრასთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თთქმით, ვლადიმირ პუტინმა, „წინასწარ განზრახული ომი აირჩია" და „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.
თვეების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის საზღვრებსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საბრძოლო ტექნიკა და 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა დასავლელი ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გეგმავდა.
მოსკოვმა, უკრაინასა და მის ირგვლივ, სამხედრო ძალების განთავსების შემდეგ, დასავლეთს "უსაფრთხოების გარანტიების" მისაღებად, მოთხოვნები წაუყენა. სხვა მოთხოვნებთან ერთად, კრემლი ვაშინგტონისგან და ნატოსგან ითხოვდა წერილობით დასტურს, რომ უკრაინა და საქართველო, ალიანსის წევრები არასდროს გახდებიან. პასუხად, ვაშინგტონმა და ალიანსმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.