ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: "ვგმობთ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე"


 UKRAINE-CRISIS/NATO-STOLTENBERG
UKRAINE-CRISIS/NATO-STOLTENBERG

"მე მტკიცედ ვგმობ რუსეთის უგუნურ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ურიცხვ სამოქალაქო პირთა სიცოცხლეს", - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ უკრიანის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყანას არალეგიტიმურად მართავს და რუსეთს ამ ტერიტორიიდან საფრთხე ემუქრება. ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები აფეთქებებისა და სროლის შესახებ ერთდროულად უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში.

"კიდევ ერთხელ, მიუხედავად ჩვენი განმეორებითი გაფრთხილებებისა და დაუღალავი მცდელობისა, რომ ჩაგვერთო ის დიპლომატიაში, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ", - თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

"მე მოვუწოდებ რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატოს მოკავშირეები შეიკრიბებიან იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგებს უპასუხონ. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ საშინელ დროს. ნატო გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე", - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის სპეციალურ საგანგებო განცხადებაში.

"ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი ადასტურებს, რომ შეტაკება უკრაინულ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს შორის გარდაუვალია. ეს მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას. პუტინმა თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. ამის მიზეზი კი ხალხის დაცვის აუცილებლობაა.

XS
SM
MD
LG