ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო უკრაინას თანადგომას უცხადებს


საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი

„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“ - ასე გამოეხმაურა რუსეთის შეჭრას უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა Twitter-ით გაავრცელა.

საქართველოს ხელისუფლებიდან პირველი უკრაინაში რუსეთის შეჭრას პარლამენტის სპიკერი გამოეხმაურა და ოფიციალურ კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას!“
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი

“სამწუხაროდ, ომის არიდება უკრაინაში ვერ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას რომ გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის შესაჩერებლად, რათა კონფლიქტი სრულმასშტაბიანი არ გახდეს და უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარალელურად, სპიკერმა უარყო ოპოზიციის წინადადება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე და თქვა, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

პუტინის არმიის შეჭრას უკრაინაში ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრიც. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ ვითარების დეესკალაცია“ - ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრა ასევე დაგმეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კალაძემ "მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!" - დაწერა ტვიტერზე კახი კალაძემ.

რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.
საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო

“ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ. სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად” – აღნიშნავს პრემიერი ღარიბაშვილი.

"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად" - ეს უკვე საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური პოზიციაა.

საქართველოს დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე, დღეს, 19:00 საათზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

“დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG