უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, კიევის ქუჩები საცობებმა მოიცვა. პრიველადი მოხმარების დაწესებულებათა ნაწილი გადაიტვირთა. დედაქალაქელთა ნაწილი, ქალაქის დატოვებას ცდილობს.
კიევში, პერიოდულად ისმის აფეთქებებისა და განგაშის ხმა.
"ამას არ ველოდი. ამ დილამდე მჯეროდა, რომ არაფერი მოხდებოდა", - ამბობს ნიკიტა, 34 წლის მარკეტინგის სპეციალისტი.
ასევე ნახეთ: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტსსუპერ მარკეტები და სასურსათო მაღაზიები, მოქალაქეებითაა გადაჭედილი, რომლებიც ქალაქში დასარჩენად, სურსათის მომარაგებას ცდილობენ. საბანკო მომსახურება კვლავ მუშაობს, ბანკომატებთან გრძელი რიგებია.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ განაცხადა, კიეველთა ნაწილი ქვეყნის დასავლეთისკენ წასვლას სხვადასხვა გზით ცდილობდა.
“როიტერის” ინფორმაციით, ლვოვისკენ მიმავალ მთავარ, ოთხზოლიან გზაზე, მოძრაობა შეფერხებული იყო და საცობი ათეულობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
“მივდივარ, რადგან პუტინი დაგვესხა თავს, გვეშინია დაბომბვის” - ამბობს, “როიტერთან” საუბრისას, საცობში მყოფი კიეველი, რომელსაც ავტომობილში სამი წლის გოგონა ჰყავდა.
“უთხარით მათ [რუსეთს], არ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ეს საშინელებაა" - ამბობს “როიტერთან” საუბრისას ქალი.
კიეველთა ნაწილი აეროპორტებისა და ავტოსადგურებისკენ გაემართა, თუმცა დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ გამგზავრებას შეძლებდნენ.
"ჩვენ დღეს ვგეგმავდით კიევიდან ბაქოში გაფრენას. მაგრამ, გვითხრეს, რომ ფრენა გაუქმდა უკრაინაში ომის ესკალაციის გამო. არავინ გვეუბნება, რა მოხდა, რა მოხდება ჩვენს ფრენასთან დაკავშირებით, რა ვქნათ, სად წავიდეთ. წასასვლელი არ გვაქვს. არავინ გვპასუხობს“, - ამბობს “როიტერთან” საუბრისას აეროპორტის გზაზე მიმავალი გულნარა.
მოსკოვის დროით 24 თებერვალს გამთენიისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციების“ გატარება გადაწყვიტა. ორი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუჰანსკი ე.წ. „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამოაცხადა.
მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალ შეჭრასთან დაკავშირებით მალევე გააკეთა განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თთქმით, ვლადიმირ პუტინმა „წინასწარ განზრახული ომი აირჩია" და მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: პრეზიდენტმა პუტინმა წინასწარ განზრახული ომი აირჩიათვეების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის საზღვრებსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო ტექნიკა და 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა დასავლელი ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გეგმავდა.
მოსკოვმა უკრაინასა და მის ირგვლივ სამხედრო ძალების განთავსების შემდეგ, დასავლეთს "უსაფრთხოების გარანტიების" მისაღებად მოთხოვნები წაუყენა. სხვა მოთხოვნებთან ერთად, კრემლი ვაშინგტონისგან და ნატოსგან ითხოვდა წერილობით გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო, ალიანსის წევრები არასდროს გახდებიან. პასუხად ვაშინგტონმა და ნატომ განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.
ასევე ნახეთ: ბიბილოვი: მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის