ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფის განცხადებით, გასული, 2020 წელი ევროპისთვის, ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. არქტიკაში კი ხშირი ხანძრების პრობლემა იდგა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილებებმა თოვლის საფარი ამ ტერიტორიაზე მკვეთრად შეამცირა.
ხუთშაბათს, ამერიკის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს ლიდერები კლიმატთურ ცვლილებებთან ბრძოლის გეგმების წარდგენას აპირებენ. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ევროპელმა მეცნიერებმა მათ საკუთარი ანგარიში წარუდგინეს და უთხრეს, რომ კლიმატის ცვლილებების მძიმე შედეგები მსოფლიოსთვის უკვე რეალურია.
კოპერნიკის ცენტრში აცხადებენ, რომ ევროპის 2020 წლის საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო მათ შორის, რაც კი ისტორიაში დაფიქსირებულა.
"ტემპერატურა ევროპაში ყველა სეზონზე მატულობს",- თქვა ფრეჯა ვამბორგმა, კოპერნიკის სადამკვირვებლო მისიის უფროსმა მეცნიერმა.
კოპერნიკში ყველაზე ძველი ჩანაწერი ევროპის ტემპერატურის შესახებ 1950 წლისაა. თუმცა, მეცნიერებმა გასული წელი 1850 წლის მონაცემებსაც შეადარეს და იმ მონაცემებთან შედარებითაც, 2020 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.
ევროპისთვის ცხელი იყო 2020 წლის ზამთარიც. მეცნიერები ამბობენ, რომ 1981 წლიდან მოყოლებული, გასული წლის ზამთარი ყველაზე თბილი იყო და საშუალო ტემპერატურას 3,4 ცელსიუსით აღემატებოდა.
Facebook Forum