ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკან, ლოქდაუნში - ევროკავშირში მესამე ტალღას უმკლავდებიან


უკან, ლოქდაუნში - ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, პანდემიის გამო კვლავ გამკაცრებული შეზღუდვები პროტესტს იწვევს. რომის ცენტრში, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები რესტორატორებმა გააპროტესტეს. „დავიღალეთ, ასე აღარ შეგვიძლია, მუშაობის საშუალება უნდა მოგვცენ“ - აცხადებენ რესტორნების მფლობელები.

იტალია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც პანდემიის მესამე ტალღაა. საფრანგეთმა, გერმანიამ და კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ლოქდაუნი გააფართოვა. ექიმები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში მეტი ახალგაზრდა ხვდება.

მკაცრი გაფრთხილება აქვს გერმანიის კანცლერსაც. „მესამე ტალღა, თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლოა უმკაცრესი აღმოჩნდეს" - უთხრა მოსახლეობას ანგელა მერკელმა.

მესამე ტალღა ვირუსის ე.წ. B.1.1.7 ვარიანტმა გამოიწვია, რომელიც თავდაპირველად ბრიტანეთში გამოვლინდა და იანვარში მძლავრად გავრცელდა.

მაგრამ, ზოგადი ევროპული ტენდეციისა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებლის საგრძნობლად შემცირირების ფონზე, ბრიტანეთში ორშაბათს პაბები და მაღაზიები გაიხსნა. ზრდასრულ ბრიტანელთა 60 პროცენტს, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს.

„ვეებერთელა მესამე ტალღა ევროპაში, ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ მოსახლეობის არც თუ ისე დიდი ნაწილია აცრილი. ვაქცინაციის პროგრამები რთული რამაა და ის საზოგადოების ნდობას ეფუძნება" - აცხადებს ენტონი ჰარნდენი, ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტის წარმომადგენელი.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიმართ, ბრიტანული საზოგადოების ნდობა 75%-ია. მაგრამ, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, ადამიანთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ "ასტრაზენეკა" უსაფრთხო არაა. ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული დაბნეულობა შექმნა თავდაპირველად, ცდების შემდეგ მისი 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდირებამ და მოგვიანებით პოლიტიკის ცვლილებამ. ახლა ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინას მაღალ ასაკობრივ ჯგუფებზე იყენებენ. ეს მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ადამიანებში იშვიათი თრომბის შემთხვევები გამოვლინდა.

„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია. ის გვხვდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამის საპირწონეა კოვიდით განვითარებული დაავადებები, ან კოვიდით სიკვდილი" - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი.

ევროპა ცდილობს ვაქცინაციის მიმართ საზოგადო ნდობა გაზარდოს. ამ მიზნით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა "ასტრაზენეკას" ვაქცინა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაიკეთა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობამ, არამარტო საფრანგეთში, არამედ გლობალურად იკლო. ეს მაშინ, როცა მისი წარმოება შედარებით იაფი და ადვილია, ვიდრე სხვა ვაქცინებისა. მისი შენახვა მაცივარში ნორმალურ ტემპერატურაზეა შესაძლებელი.

„ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ამ ვაქცინას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს გლობალური ვაქცინაციის კამპანიის ერთგავრი ხერხემალია" - ამბობს პიტერ დრობაკი.

ნელი დასაწყისის შემდეგ, ვაქცინაცია სიჩქარეს იკრეფს. გასულ კვირას გერმანიაში, მხოლოდ ერთ დღეში, ვაქცინის 720 000 დოზა გაკეთდა. მაგრამ, ექსპერტებს ვაქცინაციის მიმართ ყოყმანი აშფოთებთ და ფიქრობენ, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ცნობიერების ამაღლების გლობალური კამპანიაა საჭირო

Facebook Forum

XS
SM
MD
LG