ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიდლოვი: მინსკის პროტოკოლმა და ნორმანდიის ფორმატმა უკრაინისთვის არ გაამართლა


ანექსირებულ ყირიმსა და უკრიანა-რუსეთის საზღვართან, დაახლოებით, 100,000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ბოლო დღეების განმავლობაში, კიევსა და კრემლს შორის გამწვავებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ამერიკის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს პირადად მოუწოდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვართან სიტუაციის ესკალაცია.

ამ განცხადებებზე საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა ოთხშაბათს ფედერალური ასამბლეის წინაშე მიმართვაში დასავლეთს მოუწოდა „წითელი ხაზები“ არ გადაკვეთოს. მისი თქმით, რუსეთის პასუხი იქნება „სწრაფი და ხისტი“ და დამნაშავეები საკუთარ ნაბიჯებს ინანებენ.

„იმედი მაქვს, არავინ გაბედავს რუსეთთან მიმართებით წითელი ხაზების გადაკვეთას და იმას, თუ სად გადის ეს ხაზი, ჩვენ ცალკეულ შემთხვევაში გადავწყვეტთ“, - თქვა პუტინმა. „ისინი ვინც პროვოკაციებს აწყობენ, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს საფრთხეს უქმნის, ინანებენ თავიანთ ქმედებებს, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე აქამდე უნანიათ“, - თქვა მან.

პუტინის ამ მუქარანარევი განცხადებების ფონზე, ხშირას ისმის კითხვა, რატომ ახლა? რატომ გადაწყვიტა 100,000 სამხედროს მობილიზება უკრაინის საზღვართან, რა არის მისი მიზანი?

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარე, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ძალიან ძნელია პუტინის რეალური მიზნების ამოცნობა და იმის გაგება, თუ რა კონრეტული ამოცანა ამოძრავებს მას ახლა. 40 წლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე გენერალი ბრიდლოვი, ორ სავარაუდო მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველი სცენარის მიხედვით, პუტინი ცდილობს გააფართოვოს დონბასის ანკლავი და ზეწოლა მოახდინოს ზელენსკის მთავრობაზე, რომელიც დასავლეთისკენ იხრება. მეორე სცენარია, რომ ბატონი პუტინი ცდილობს ხელში აიღოს წყალზე უფლებები ყირიმში. როგორც ვიცით, ყირიმისთვის სუფთა წყლის მიწოდების გზები შეიცვალა მას შემდეგ, რაც იქ რუსეთი შეიჭრა და ყირიმი აიღო. ასე რომ, ბატონ პუტინს ენდომება, რომ რუსეთი აკონტროლებდეს იმ არხებს, რომლებსაც წყალი მდინარე დნეპრიდან გადააქვთ“, - ამბობს ბრიდლოვი.

15 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა, კიბერ-თავდასხმები, უკრაინასთან აგრესიული ქმედება და სხვა „მავნე“ ქმედებები იყო. სანქციები შეეხო რუსულ კომპანიებს, რუს დიპლომატებსა და რუსულ სავაჭრო ბაზარს.

მაშინ, მოსკოვმა სანქციებს აგრესიულად უპასუხა და თქვა, რომ ეს საშიშ ტემპერატურამდე ზრდიდა ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მიუხედავად მასშტაბური სანქციებისა, რუსეთს სამხედრო ტაქტიკა არ შეუცვლია. უკრაინის საზღვართან სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება.

ფილიპ ბრიდლოვი თვლის, რომ დასავლეთმა თავის სტრატეგიას უნდა გადახედოს. მისი თქმით, ფორმატები, როემლიც ამერიკასა და ევროპას აქვს შექმნილი აღარ მუშაობს და უკრაინას რეალურად არ ეხმარება.

„მინსკის პროტოკოლმა და ნორმანდიის ფორმატმა უკრაინისთვის არ გაამართლა. უკრაინისთვის მისი საზღვრის ერთი ინჩიც კი არ დაგვიბრუნებია უკან. რუსეთი კვლავ აკონტროლებს საზღვარს და უკრაინის მიწის დიდ ნაწილს. ასე, რომ ჩვენ დასავლეთში, ამერიკაში უნდა გადავხედოთ ჩვენს მოვალეობებს და კავშირებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. უნდა გადავხედოთ იმასაც, თუ რამდენად მიზანშეწონილია ნორმანდიისა და მინსკის ფორმატები ახლანდელი გამოწვევისთვის, გადაწყვეტილების მაგიდასთან სხედან თუ არა სწორი ადამიანები და გვაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა ჩვენს მომავალ გზაზე“, - თქვა გენერალმა.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდეს მას დონბასში, კონფლიქტის ზონაში და იქ ისაუბრონ და განიხილონ არსებული სიტუაცია. პუტინს ჯერ კომენტარი ამ განცხადებაზე არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG