ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაცია ქალაქ ვაშინგტონის შტატად გარდაქმნას ემხრობა


ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ქალაქი ვაშინგტონი, შეერთებული შტატების დედაქალაქი, შესაძლოა 51-ე შტატად გადაიქცეს.

წარმომადგენელთა პალატის "რეზოლუცია 51" ამბობს, რომ ვაშინგტონი ქვეყნის ფედერალური მთავრობის ადგილსამყოფელად დარჩება, მცხოვრებლები კი კონგრესში სრულ წარმომადგენლობას პირველად მიიღებენ.

მოსალოდნელია, რომ ეს ინიციატივა კონგრესის რესპუბლიკელების მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდება, რომლებსაც არ სურთ დემოკრატების უმრავლესობის ქალაქიდან სავარაუდოდ კიდევ ორი დემოკრატის არჩევა სენატში, რომელიც ამჟამად ზუსტად შუაზეა გაყოფილი.

რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების კონსტიტუციას, რომლითაც კოლუმბიის ოლქი ფედერალურ ოლქად შეიქმნა. მათ შესთავაზეს ალტერნატიული სქემები, რომლითაც ქალაქის მცხოვრებლებს წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა მეზობელ შტატებში შეეძლებათ.

წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს კენჭს ამ კვირაში უყრის. გასულ კვირაში, პალატის ზედამხედველობის და რეფორმების კომიტეტში, კანონპროექტი დემოკრატების ორგანიზებულად ხმის მიცემით გავიდა.

ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გეგმავს საკანონმდებლო პროცესის დროს კონგრესთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს, რომ ის “შესაბამისობაში იქნება კონგრესის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობებთან და მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან, რომ ახალი შტატი კავშირში მიიღოს.”

ადმინისტრაციამ კანონმდებლებს დაჟინებით მოუწოდა ქვეყნის დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის შტატად გარდაქმნის “სწრაფი და მოწესრიგებული გარდამავალი პერიოდი უზრუნველყონ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG