2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კვლავ უთანხმოების საგანია, ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსები კი ამ დროს ერთხმად ამბობენ, რომ არჩევნების პერიოდში მოსახლეობის აზრით მანიპულირებას გარე ძალებთან ერთად შიდა პოლიტიკური მხარეებიც ცდილობდნენ. პრორუსული და ანტიდასავლური შეხედულებების გავრცელებასთან ერთად, ქვეყანაში პოლარიზაცია შიდა, ურთიერთდამაპირისპირებელი ქმედებებითაც მწვავდებოდა.
“ჩვენ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირების გარემოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ მივიჩნევთ. ის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძირს უთხრის, აძლიერებს სოციალურ დაყოფას და აფერხებს ეკონომიკურ ზრდას”, - ამბობს ადამ შმიდტი, საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის სამსახურის დირექტორი.
შმიდტი დასძენს, რომ კრემლი დეზინფორმაციასა და პროპაგანდას იმისთვის იყენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს. თუმცა ცალკეული შეშფოთების საგანი ქვეყნის შიგნითვე წარმოქმნილი და გავრცელებული საინფორმაციო კამპანიებია, რომლებიც შესაძლოა სხვა მიზნით, მაგრამ მაინც დაპირისპირების გამწვავებას უწყობს ხელს და დემოკრატიის განვითარებას აფერხებს:
2020 წლის არჩევნების წინ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის რამდენიმე კამპანია მოქმედებდა. ვხედავდით კრემლთან პირდაპირი კავშირების მქონე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის კოორდინირებულ აქტივობას. პოლიტიკური აქტორები მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად ყველაზე მეტად "ფეისბუქს" იყენებდნენ",- ეთო ბუზიაშვილი, DFRLab-ის მკვლევარი საქართველოდან.
„შიდა დეზინფორმაცია ხშირად უფრო ძნელი ამოსაცნობია. ის ხშირად უცხოელი აქტორებისგან ნასესხებ ნარატივებსა და ტაქტიკებს იყენებს და მათ ძალას ზრდის. გამამხნევებელია იმის ნახვა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია დეზინფორმაციის გამოვლენისა და მასთან საბრძოლველად მუშაობენ, მაგრამ ეს ბრძოლა რომ წარმატებული იყოს, ამისთვის პროცესში მთავრობაც თანაბრად ჩართული უნდა იყოს“, - ამბობს ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ერთ-ერთი დირექტორი.
"ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის - DFR Lab-ის" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაციით მანიპულირება განსაკუთრებით აქტიურად 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა და ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან მართული კამპანიები პირდაპირ თუ ირიბად, არჩევნების შედეგებსა და მოსახლეობის განწყობებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. პოლიტიკური მიზნებისთვის ბრძოლის ასპარეზი კი ძირითადად „ფეისბუქის“ პლატფორმა იყო.
„საქართველოს საინფორმაციო გარემოში 2020 წლის არჩევნების წინ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის რამდენიმე კამპანია მოქმედებდა. ვხედავდით კრემლთან პირდაპირი კავშირების მქონე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის კოორდინირებულ აქტივობას. „ფეისბუქი“ ერთ-ერთი უმთავრესი „ომის თეატრი“ იყო არჩევნების წინ. პოლიტიკური აქტორები საქართველოს მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად სწორედ ამ სოციალურ ქსელს ირჩევდნენ“, - ამბობს ეთო ბუზიაშვილი, DFRLab-ის მკვლევარი საქართველოდან.
გასული ორი წლის განმავლობაში „ფეისბუქმა“ არაერთი „წმენდა“ ჩაატარა და ის გვერდები და მომხმარებლები წაშალა, რომლებიც როგორც გამოძიებამ აჩვენა, არაავთენტურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ეს ნიშნავს, რომ ასობით და ზოგჯერ ათასობით „ფეისბუქ“-გვერდი თუ ყალბი ინდივიდუალური ანგარიში სინამდვილეში კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილი იყო. ამ პროცესს კი კონკრეტული პირები, ჯგუფები ან ორგანიზაციები მართავდნენ და ამა თუ იმ მიზნისთვის სხვადასხვაგვარად იყენებდნენ, იქნებოდა ეს პროკრემლისტური მოსაზრებების ფართოდ გავრცელება თუ მმართველი ან ოპოზიციური პარტიების პოზიციების მხარდაჭერა.
დეზინფორმაციის მკვლევრების აზრით, კრემლის მოტივები ნათელი, მეთოდბი კი კარგად ნაცნობია. ამ მეთოდების ამოცნობა ინფორმაციის მომხმარებლისთვის ხშირად ძალიან რთული არ არის. საქართველოს გამორჩეულ საფრთხეს, მკვლევარების თქმით, ქვეყნის შიგნიდან მომდინარე გავლენის ოპერაციები უქმნის, რომლებიც საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირებას, ურთიერთმიუღებლობასა და უნდობლობას აძლიერებს.
როგორც ირკვევა, წინასაარჩევნოდ ასევე აქტიურად მუშაობდნენ პრო-კრემლისტური, ულტრა-მემარჯვენე პარტიები და ჯგუფებიც. ისინი კრემლის მხარდამჭერ, ხშირად კი ირიბად პროკრემლისტური ანუ ანტიდასავლური მოსაზრებების მაქსიმალურად ფართოდ და დამაჯერებლად გავრცელებას ცდილობდნენ. ისეთი პარტიები, როგორებიც „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარშია“ რუსეთისგან არსებული საფრთხეებიდან ყურადღების გადატანასა და საქართველოს სხვა მეზობლების - თურქეთისა და აზერბაიჯანის დემონიზებას ცდილობდნენ. მათ სურდათ მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანას ოკუპაციის ნამდვილი საფრთხე სწორედ ამ სახელმწიფოებისგან ემუქრება და არა რუსეთისგან.
„უცხო ქვეყნის გავლენის ოპერაციებს საქართველოში წინასაარჩევნოდ სამი ძირითადი მიმართულება ჰქონდა“, - განმარტავს დეზინფორმაციის მკვლევარი გივი გიგიტაშვილი.
„პირველი, ეს სწორედ ქართული ჯგუფებისა და პარტიების გამოყენება იყო. მეორე, კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებები - „სპუტნიკი“ და „ნიუსფრონტი“ „ფეისბუქზე“ კოორდინირებულად მართავდნენ ქსელს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული კონკრეტული, დამაპირისპირებელი მასალები ფართოდ გაევრცელებინათ, კიდევ უფრო შეეწყოთ ხელი ამა თუ იმ პარტიის მომხრეებს შორის პოლარიზების გაღრმავებისთვის. მესამე კი კიბერ-ოპერაციებია, რომლებიც არჩევნებამდე განხორციელდა“.
"ანტიდასავლური კამპანიების მიზანი არის არა რუსეთის სამაგალითო ქვეყანად წარმოჩენა, არამედ ქართველებისთვის იმის დამტკიცება, რომ ყველა და ყველაფერი ყალბია, რომ დასავლეთსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველასა და ყველაფრისადმი რწმენის დაკარგვა ისეთივე საშიშია დემოკრატიისთვის, როგორც ყალბი ამბების დაჯერება"- დიანა ჩაჩუა, NDI საქართველო
2019 წელს რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ძალების მიერ განხორციელებული მასობრივი კიბერ-თავდასხმის სამიზნე 15 ათასამდე ქართული ვებგვერდი გახდა, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თუ სამოქალაქო ორგანიზაციების ვებგვერდები. 2020 წლის მარტში ღია პლატფორმებზე განთავსდა საქართველოს რამდენიმე მილიონი ამომრჩევლის პირადი ინფორმაციაც. საარჩევნო კომისიამ უარყო, რომ ეს ინფორმაცია მათი სისტემიდან იყო მოპარული.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე კი უცხოელმა ჰაკერებმა ე.წ. ლუგარის ცენტრიდან მოახერხეს ინფორმაციის მოპარვა, შემდეგ სახეცვლილი დოკუმენტები უცხოურ ვებგვერდებზე ატვირთეს. თავდასხმის „უცხოელი ავტორების“ რუსეთთან კავშირზე საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ უსაუბრია.
„ეს ყველაფერი, როგორც წესი, საზოგადოებაში სისუსტის, დაბნეულობის განცდის შექმნას უწყობს ხელს, მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობს. ასევე, ზოგ შემთხვევაში ჰაკერები ალბათ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებასაც ცდილობდნენ ან შემდეგი თავდასხმებისთვის ნიადაგის მოსინჯვას და სუსტი წერტილების გამოვლენას“, - ამბობს გიგიტაშვილი.
დევიდ სტულიკი ორგანიზაციის „ევროპული ღირებულებების ცენტრი უსაფრთხოების პოლიტიკისთვის“, აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთი, როგორც წესი, კარგად იცნობს საკუთარ სამიზნეს და მისი ოპერაციები ხშირად სწორედ ამიტომაა წარმატებული. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კი ონლაინ სივრცის დაკვირვებასთან ერთად, ისეთი ინსტიტუტებისთვის ყურადღების მიქცევაცაა საჭირო, როგორიც თუნდაც ეკლესიაა, რადგან, მისი თქმით, ანტიდასავლური განწყობები ხშირად ამბიონებიდანაც ვრცელდება და მძაფრდება:
„ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველოში მტრული ქმედებები არა მხოლოდ მედიაში და არა მხოლოდ დეზინფორმაციის კამპანიებით ან კონკრეტული პოლიტიკოსების მოქრთამვით ხდება, არამედ ისინი უფრო ფართოა. ეს უკავშირდება მზარდ ეკონომიკურ ინტერესებს, წნეხს. ასევე ისეთ სფეროებს, როგორიც თუნდაც ეკლესიაა, რადგან ბევრი რამ ქართულ კონტექსტში ეკლესიის გავლითაც ხდება - დასავლური, ლიბერალური და ტრადიციული ღირებულებების დაპირისპირების შეფუთვით. ამასთან, რუსები ყოველთვის ძალიან კარგად იცნობენ კონკრეტულ (სამიზნე) ქვეყანას“, - ამბობს სტულიკი.
რუსეთის მკვლევარი განმარტავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ტაქტიკები და ხელწერა მსგავსი გვეჩვენება, კრემლის ნაბიჯები ყოველთვის ზუსტადაა მორგებული ადგილობრივ კონტექსტზე და ესა თუ ის იარაღიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ, შესაბამისად გამოიყენება.
„ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აქცევს დიდ ყურადღებას და არ ანიჭებს მნიშვნელობას გავლენის ამ კამპანიებს; რომ არ არის ერთიანი ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საგარეო გავლენის ოპერაციებს გაუმკლავდებოდა“, - ამბობს დევიდ სტულიკი.
საქართველოში „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ პროგრამებისა და კომუნიკაციების მენეჯერი დიანა ჩაჩუა ფიქრობს, რომ მართალია გამოკითხვებით მიღებული მაჩვენებლები და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მსურველთა მაღალი რიცხვი იმედისმომცემად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობაზე ანტიდასავლური გავლენის ოპერაციები მაინც ახდენს გავლენას.
"ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყანაში ერთმანეთს ეჯიბრება იმისთვის, რომ "ყველაზე პროდასავლურის" ტიტული მოიპოვოს. ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალებაც კი ამაყად პრო-დასავლურად მიიჩნევს თავს. რუსეთი პოლიტიკური პარტიებისა და მედია საშუალებებისთვის სალანძღავი სიტყვაა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ იცის, რუსეთი პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევა, ბევრი იმეორებს, რომ დასავლეთიც ასევე იქცევა", - ამბობს ჩაჩუა და განმარტავს, რომ ეს არა უშუალოდ კრემლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნას, არამედ მოსახლეობის დაბნევის და დაუცველობის განცდის გაძლიერებას ემსახურება.
"ეს ყველაფერი სავარაუდოდ ანტიდასავლური კამპანიების ძალისხმევის შედეგია. მათი მიზანი არაა რუსეთის სამაგალითო ქვეყანად წარმოჩენა, არამედ ქართველებისთვის იმის დამტკიცება, რომ ყველა და ყველაფერი ყალბია, რომ დასავლეთსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველასა და ყველაფრისადმი რწმენის დაკარგვა ისეთივე საშიშია დემოკრატიისთვის, როგორც ყალბი ამბების დაჯერება", - განმარტავს NDI-ის წარმომადგენელი.
ამასთან, კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის“ – DFR Lab-ის ექსპერტებმა „ფეისბუქთან“ ერთად გამოავლინეს და უფრო ღრმადაც იკვლიეს, საქართველოში ციფრული მანიპულაციის კომერციალიზაციაა: მოსახლეობის აზრით მანიპულირების მისიას ესა თუ ის ჯგუფი, პიარ-კომპანია თუ მედია-ფირმა ხშირად ფინანსური მოტივებით გეგმავს, მართავს და ახორციელებს.
მკვლევრები შიშობენ, რომ ქვეყანაში „ციფრული დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების ინდუსტრია“ ყალიბდება. მათი აზრით, ამგვარი მიზნობრივი დეზინფორმაციის კამპანიების კომერციალიზაცია ქვეყანაში არჩევნების უსაფრთხოებას უფრო ხანგრძლივ და მასშტაბურ გამოწვევებს უქმნის, ვიდრე - ერთი კონკრეტული არჩევნების შედეგებია. ამიტომ, მათი შეფასებით, ამ „საინფორმაციო ოპერაციების“ წინააღმდეგ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობაა საჭირო, რადგან სწორედ ძლიერ პოლარიზებული და ნდობადაკრგული საზოგადოება სჭირდება საქართველოს საგარეო მტერს მისი მავნებლური მიზნების მისაღწევად.
Facebook Forum