ვლადიმირ პუტინმა, რამდენიმე დღის წინ, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ის საპრეზიდენტო თანამდებობას 2036 წლამდე შეინარჩუნებს. მაშინ ის 83 წლის იქნება. ღრმა მოხუცებულობამდე პრეზიდენტობის გარანტირება ისედაც განუსაზღვრელი ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად, თუ ოპონენტების შიშით გააკეთა, ამას, ალბათ დრო აჩვენებს. მაგრამ ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, როგორიც უნდა იყოს ამ ნაბიჯის მიზეზი, ამერიკას ბევრი აქვს სამუშაო პუტინის რუსეთისადმი მიდგომებსა და პოლიტიკაზე სამომავლოდ.
ობამას გადატვირთვის პოლიტიკისა და ტრამპის რადიკალუად განსხვავებული მიდგომის შემდეგ, ბაიდენის გაპრეზიდენტების დროს, ყველა დიდი ინტერესით ელოდა, თუ რას იტყოდა და როგორი იქნებოდა მისი პირველი ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლის, თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი, რომ ვლადიმირ პუტინი მკვლელია მან უპასუხა: „დიახ, ასე ვფიქრობ“. დამატებითი განმარტება ჟურნალისტებმა თეთრი სახლის სპიკერს, ჯენ ფსაკისაც სთხოვეს და ჰკითხეს, ნანობდა თუ არა ბაიდენი ასეთ განცხადებას, რაზეც სპიკერი პასუხი იყო „ არა, პრეზიდენტმა პირდაპირ შეკითხვაზე, პირდაპირი პასუხი გასცა“.
საპასუხო განცხადებამ მოსკოვიდანაც არ დააყოვნა. ვლადიმირ პუტინმა, პრეზიდენტ ბაიდენს „ჯანმრთელობას ვუსურვებო“ თქვა. მედიაში დიდხანს განიხილავდნენ ირონიულ პასუხს, რომელიც 78 წლის ბაიდენს შემოუთვალა პუტინმა.
მიუხედავად ამ სიტყვა-პასუხის და სატელევიზიო პაექრობისა, ემა ეშფორდი, ატლანტიკური საბჭოს, ამერიკული ჩართულობის ახალი ინიციატივის ცენტრიდან თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების „შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, თუმცა ის მალე დაიხურება“.
ექსპერტი თვლის, რომ ცვლილებები საჭიროა, ვინაიდან ახლა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები სახიფათო ეტაპზეა: „ ბოლო სამი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, რომ გაეუმჯობესებინა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები და როდესაც მიდიოდნენ, ამ ურთიერთობას იმაზე უარეს მდგომარეობაში ტოვებდნენ, ვიდრე იქამდე იყო. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ამერიკელების უსაფრთხოებისთვის“.
ეშფორდი, ამბობს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ჩიხშია შესული და ეს საფრთხეში აგდებს ამერიკის უსაფრთხოებას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც ამ თანამდებობას სულ 3 თვეა იკავებს, თქვა, რომ რუსეთი თავის საზღაურს გადაიხდის თუ დამტკიცდება, რომ ისინი ამერიკის არჩევნებში ჩაერივნენ, ან ამის მცდელობა ჰქონდათ.
ექსპერტს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციიდან სწორედ ამერიკის არჩევნები, იარაღის შეთანხმება დ მსგავსი თემები ჰგონია ის ამოსავალი წერტილი, რომელზეც ამერიკა რუსეთთან უნდა მუშაობდეს. ეშბორნის აზრით, უკან უნდა გადაიწიოს ადამიანის უფლებების საკითხმა და სერიოზული, ამერიკის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი თემები უნდა დაიდოს მოლაპარაკებების მაგიდაზე.
ეშბორნის თქმით, შეუძლებელია, რომ რუსეთს ყველაფერზე მოსთხოვო პასუხი, თანაც ყოველთვის ერთნაირი გზებით.
„რუსეთთან სხვადასხვა პრობლემა გვაქვს, დაწყებული მათი შიდა პოლიტიკური პრობლემებით, დამთავრებული ჰაკერული თავდასხმებით, არჩევნებში ჩარევით, ახალი, ეგზოტიკური იარაღის გამოცდით. ჩვენი პასუხი კი ყოველთვის ერთია- სანქციები. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია შევაჩეროთ რუსეთი ისეთი რამის კეთებისგან, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგალითად ამერიკის არჩევნებში ჩარევისგან, თუ ყველაფერზე ერთნაირი პასუხი გვექნება და მათ შიდა პოლიტიკურ არეულობასაც, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ერთნაირად ვუპასუხებთ“,- ამბობს ექსპერტი.
მარტის დასაწყისში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რამდენიმე რუს ოფიციალურ პირს ამერიკამ, ეკონომიკური სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალურიპროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვიმოხვდნენ. მაშინ, აშშ კრემლს ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებით სანქციების დაწესებით იმუქრებოდა.
სანქციების მუქარას კრემლში უპასუხეს და თქვეს, რომ ნავალნის მიმართ მოპყრობის თაობაზე ნებისმიერი ახალი ამერიკული სანქციები თავის მიზანს ვერ მიაღწევს და უკვე დაძაბული ურთიერთობის მხოლოდ გაუარესება შეუძლია.
ალექსეი ნავალნის მოწამვლა, დაპატიმრება და მისი ყველაზე მკაცრ საპატიმროში გამოკეტვა; საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევა და დემონსტრანტების დაკავება, ძალაუფლების უზურპაცია. ეს ყველაფერი კიდევ ერთ ექსპერტს „ატლანტიკური საბჭოდან“, მელინდა ჰარინგს, აფიქრებინებს, რომ პუტინს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის მსურველი ოპონენტები აშინებს და ამიტომ ამერიკამ უნდა იმუშაოს, როგორც პოლიტიკის ცვლილების, ისე ადამიანის უფლებების მიმართულებით.
„რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ არის ქურუდლი, უკიდურესად კორუფციული სისტემა, რომელიც მოიტყუება და მოიპარავს თავისი კეთილდღეობისთვის... პუტინს ეშინია თავისი ხალხის ლეგიტიმური დემოკრატიული მისწრაფებების, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ დავეხმაროთ, გავამხნევოთ და ამის პარალელურად გავაგრძელოთ მოსკოვთან საუბარი“, - ამბობს ჰარინგი.
სანქციების მნიშვნელობის დაკნინება არასწორად მიაჩნია ამერიკელ დიპლომატს, ჯონ ჰერბსტსაც. ჰერბსტი, ამერიკის ელჩი იყო უზბეკეთსა და უკრაინაში, ამიტომ რეგიონს კარგად იცნობს და თავადაც წლების განმავლობაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში იყო ჩართული. ის თვლის, რომ სანქციები გარკვეული მიმართულებით ამართლებს და ამაზე უარის თქმა არ იქნება სწორი ნაბიჯი.
„მართალია, სანქციები ამ ეტაპზე, ნამდვილად არ ცვლის რუსეთის ქცევას, თუმცა, მგონია, რომ შესაძლოა სანქციების დაწესების პერქპექტივამ, გარკვეულ მომენტში აიძულა რუსეთი თავი შეეკავებინა უკრაინაში სიტუაციის დაძაბვისგან... გარდა ამისა, მათ წარმატებული ეკონომიკური გავლენა ჰქონდათ. ამერიკის სანქციები რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის 1- 1.5 % უჯდება. ეს ნიშნავს, რომ მათ ნაკლები რესურსი აქვთ, საშიში პოლიტიკის საწარმოოდ“,- ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი.
შეაკავებს თუ არა ახლა, შესაძლო სანქციები რუსეთს, უკრაინაში, დონბასში სიტუაციის გამწვავებისგან, ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.
მიუხედავად იმისა, ვის როგორი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ვაშინგტონში ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახლა ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩიხშია. ეს კი თავის მხრივ პრობლემას უქმნის არამარტო ამერიკელების უსაფრთხოებას, არამედ რეგიონში სტაბილურობასა და სიმშვიდესაც.
Facebook Forum