მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიძახა, თეთრმა სახლმა პირველი გაცნცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენის პრესსპიკერი ამბობს, რომ ახალ ადმინისტრაციას რუსეთთან განსხვავებული მიდგომა ექნება.
"რა თქმა უნდა გავეცანით ინფორმაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ადმინისტრაცია აპირებს განსხვავებული მიდგომა, ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, ვიდრე ეს იყო წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუს დროსაც ისაუბრა და და აღნიშნა საკუთარი დამოკიდებულება ამ მხრივ. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ყველგან სადაც ვითარება არის რთული და ეს გვაშფოთებს. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საკითხები რაზეც განსხვავებული დამოკიდებულებები გვაქვს. მათ შორის არის ალექსეი ნავალნის საქმე და სხვები. ამავე დროს არის ისეთი საკითხები სადაც ჩვენ (*ამერიკამ და რუსეთმა) შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მაგალისისთვის ეს ეხება "ახალი სტარტის შეთანხმებას" თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ჩვენ ყოველთვის დავაფიქსირებთ პოზიციას და ვისაუბრებთ იმ საკითხებსა და ქმედებებზე რაც გვაშფოთებს,"- ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.
თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენის ინტერვიუს შემდეგ რუსეთის ეს ქმედება არ გაკვირვებიათ.
რუსეთმა ელჩი ვაშინგტონიდან კონსულტაციებისთვის მოსკოვში ცოტა ხნის წინ გამოიძახა.
"რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვი, მოსკოვში არის მოწვეული კონსულტაციებზე. რათა გაანალიზდეს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან,"- წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა
რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი მას შემდეგ გამოიძახა, რაც ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინის შესახებ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუს ფარგლებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პასუხს აგებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის პირდაპირი ხელმძღვანელობისთვის. ბაიდენის თქმით, საპასუხო ნაბიჯები მალე გამოცხადდება.
„ის საფასურს გადაიხდის“, უთხრა ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-ს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, პრეზიდენტმა უპასუხა „მალე ნახავთ“.
პრეზიდენტის კომენტარს წინ უძღოდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ ანგარიშის გამოქვეყნება. შეერთებული შტატების დაზვერვის დასკვნებით გამყარდა ბრალდება, რომ პუტინი პირდაპირ იდგა მოსკოვის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის ძალისხმევის უკან. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.
ამ განცხადებასთან ერთად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ „არის მიმართულებები, სადაც ერთობლივი მუშაობა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“. ამ მიმართულებაში პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება „ახალი სტარტი“ დაასახელა.
„მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა და დასძინა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობისთვის იყო საჭირო მის გამოცდილებაში... უბრალოდ ისაა, იცნობდე მეორე ადამიანს“.
პრეზიდენტ პუტინზე ბაიდენმა თქვა, რომ არ ჰგონია, რომ რუსეთის ლიდერს სული აქვს. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ პუტინი მკვლელია, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა „დიახ“.
Facebook Forum