პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პასუხს აგებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის პირდაპირი ხელმძღვანელობისთვის. ბაიდენის თქმით, საპასუხო ნაბიჯები მალე გამოცხადდება.
„ის საფასურს გადაიხდის“, უთხრა ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-ს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, პრეზიდენტმა უპასუხა „მალე ნახავთ“.
პრეზიდენტის კომენტარს წინ უძღოდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ ანგარიშის გამოქვეყნება. შეერთებული შტატების დაზვერვის დასკვნებით გამყარდა ბრალდება, რომ პუტინი პირდაპირ იდგა მოსკოვის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის ძალისხმევის უკან. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.
ამ განცხადებასთან ერთად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ „არის მიმართულებები, სადაც ერთობლივი მუშაობა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“. ამ მიმართულებაში პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება „ახალი სტარტი“ დაასახელა.
„მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა და დასძინა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობისთვის იყო საჭირო მის გამოცდილებაში... უბრალოდ ისაა, იცნობდე მეორე ადამიანს“.
პრეზიდენტ პუტინზე ბაიდენმა თქვა, რომ არ ჰგონია, რომ რუსეთის ლიდერს სული აქვს. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ პუტინი მკვლელია, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა „დიახ“.
Facebook Forum