ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჯარების გადაადგილება უკრაინის საზღვარზე კიევის დასაშინებლად ხდება - ზელენსკი


უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვი დაადანაშაულა იმაში, რომ ის უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაციას აწარმოებს და ძალებს თანდათან ზრდის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების გაძლიერება უკრაინის საზღვარზე კიევის "დასაშინებლად" ხდება.

კიევს კონფლიქტი რუსეთთან და კრემლის ხელშეწყობით მოქმედ უკრაინელ სეპარატისტებთან 2014 წლიდან გაყინული აქვს. თუმცა, ამ კვირაში უკრაინამ რამდენიმე განცხადება გააკეთა ანექსირებულ ყირიმში და სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო გადაადგილებებზე.

ხუთშაბათსვე უკრაინა ამის შესახებ დასავლეთის მოკავშირეებს ესაუბრა, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს - ლოიდ ოსტინს. "საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნები და შესაძლო პროვოკაციები ტრადიციული რუსული თამაშებია" - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს ყოველივე "დაშინების ატმოსფეროს" შექმნას ემსახურება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "სრულიად შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედების ბოლო ესკალაციით აღმოსავლეთ უკრაინაში". პოლიტიკური მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ კრემლი გამოწვევას უგზავნის და გამოცდას უწყობს ამერიკის ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი ჯარების გადაადგილებას ახორციელებს საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, თავისი შეხედულებისამებრ და ეს მუქარას არ წარმოადგენს. თუმცა, მან იქვე ისიც თქვა, რომ რუსეთი უსაფრთხოების ზომებს იღებს და "ფხიზლობს" იმ პერიმეტრზე, სადაც ნატოს აქტივობებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG