ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ რუსულ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკად 2-ს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესოს. განცხადება ამ საკითხზე ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მკაფიოდ ამბობს, რომ ამერიკას რუსული გაზსადენის დასრულება არ სურს. ამ დროისთვის ჩრდილოეთის ნაკად 2-ზე მომუშავე 18-მა კომპანიამ ამერიკული სანქციების გამო უკვე დატოვა პროექტი. არ არის გამორიცხული, რომ ახალი სანქციები რუსულ გაზსადენს და მასზე მომუშავე კომპანიებს უახლოეს პერიოდში დაუწესდეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა კაპიტოლის ბორცვზე, კონგრესმენები და სენატორები სანქციების გამკაცრებას და მის დაჩქარებულად დაწესებას მოითოხვენ.
ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა ახალი სანქციების დაწესება და აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა. ის მიიჩნევს, რომ მილსადენი ცუდი იდეაა, ცუდი პროექტია ევროპისთვის და ცუდია შეერთებული შტატებისთვის,"- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.
გერმანიის მთავრობა პროექტის მშენებლობის დასრულებას გეგმავს, ამ ეტაპზე სამუშაოების 95% უკვე შესრულებულია. ახალი გაზსადენით გერმანია რუსეთიდან დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი მიაჩნია, რომ პროექტის დასრულებით ევროპა უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე და მის ენერგორესურსებზე, ხოლო უკრაინა დაკარგავს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ მნიშვნელობასა და დიდძალ თანხებს, რადგან ახალი მილსადენი უკრაინას გვერდს უვლის და რუსული გაზი გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ჩავა.
გერმანიის ხელისუფლება მილსადენის მშენებლობის შეჩერებას არ განიხილავს, თუმცა ქვეყნის შიგნით მწვანეთა პარტია ხმამაღლა აპროტესტებს გაზსადენის მშენებლობას. მეტიც, მოახლოებული არჩევნების წინ, გერმანიის მწვანეთა პარტიის მთავარ საარჩევნო სტრატეგიად სწორედ გაზსადენის მშენებლობის შეჩერება იქცა.
გერმანია იანვარში ამტკიცებდა, რომ მილსადენის მშენებლობას განაახლებდა და ის წლის ბოლომდე დასრულდებოდა. ამ დრომდე ბატლიის ზღვაში ერთადერთი რუსული გემი მუშაობს, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ამერიკამ სანქციები დაუწესა.
Facebook Forum