ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის ულტიმატუმი - მოსკოვი ერთ თვეში "ტვიტერის" დაბლოკვას გეგმავს


კრემლი ამერიკულ სოციალურ ქსელს ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს. რუსეთში ამბობენ, რომ თუ "ტვიტერი" მათ მითითებებს არ შეასრულებს და "აკრძალულ" კონტენტს სოციალური ქსელიდან არ აიღებს, ერთ თვეში სოციალურ ქსელს დაბლოკავენ. მანამდე კი რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელი შეზღუდვებით მუშაობს. კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება შეენელებინა აპლიკაციის გამოყენება.

"როსკომნადზორში" ამბობენ, რომ სოციალურ ქსელ ტვიტერში აკრძალული შინაარსის კონტენტი ვრცელდება. კრემლის მტკიცებით, "ტვიტერში" ვრცელდება ინფორმაცია არასანქცირებული აქციების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ნარკოტიკების შესახებ. შესაბამისად, მოითხოვენ, რომ კონტენტი, რომელიც მათთვის მიუღებელია, სოციალურმა ქსელმა პლატფორმიდან აიღოს.

"ტვიტერი არ რეაგირებს ჩვენს მოთხოვნაზე, რაზეც მათ წესით რეაგირება უნდა ჰქონდეთ. თუ ასე გაგრძელდა პროცესები "ტვიტერი" ერთ თვეში დაიბლოკება სასამართლოს ნებართვის გარეშე," - ამბობს "როსკომნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სუბოტინი.

რუსეთის ულტიმატუმს "ტვიტერში" უკვე გამოეხმაურნენ. მათ კრემლის პოზიცია აშფოთებთ და ამბობენ, რომ რუსეთი თავისუფალ სიტყვაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. სოციალურმა ქსელმა განმარტა, რომ "ტვიტერში" ბავშვთა პორნოგრაფია და ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და ამ მხრივ სოციალური ქსელი უკვე წლებია აქტიურად მუშაობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერის" ქმედებების უკან ამერიკის მთავრობის ქმედებაზე საუბრობს. ლავროვის უწყებაში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები კომპიუტერული ტექნოლოოგიების შესაძლებლობებს უსამართლოდ იყენებს. მარტის დასაწყისში რუსეთმა "ტვიტერთან" ერთად კიდევ ოთხი სოციალური მედიის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. მიზეზი როგორც კრემლი განმარტავს, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ბავშვების ჩართულობაა.


კრემლის ულტიმატუმს მოსკოვში არაერთგვაროვანი რეაგირება მოჰყვა. სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს მოსკოველები ამბობენ, რომ ისინი "ტვიტერის" აქტიური მომხმარებლები არიან და იპოვიან გზას, რომ დაბლოკვის შემთხვევაში სოციალურ ქსელზე წვდომა მოიპოვონ.

"მე "ტვიტერის" აქტიური მომხმარებელი ვარ. მაქვს ანგარიში, რომელსაც ყოველდღიურად ვაახლებ. ვიგებ სიახლეებს. როცა საუბარია "ტვიტერის" დაბლოკვაზე არ ვიცი რამდენად რეალურია, მე კარგად ვერკვევი ტექნიკურ საკითხებში და ვიცი, რომ მისი მთლიანად დაბლოკვა შეუძლებელია. სპეციალური სერვერების გამოყენებით, მაგალითად როგორიც არის VPN, ადამიანები შეძლებენ ამ პლატფორმის გამოყენებას", - ამბობს მოსკოველი იელენა კრიჩკო.

რატომ ებრძვის კრემლი "ტვიტერს" გაუგებარია კიდევ ერთი მოსკოველისთვის. არტიომი, რომელიც გვარის გამჟღავნებისგან თავს იკავებს ამბობს, რომ სახელმწიფოს სურს ინტერნეტის კონტროლი.

"რა აზრი არ აქვს სახელმწიფოს ინტერნეტის წინააღმდეგ ბრძოლას. ჭეშმარიტი მიზეზია ის, რომ სახელმწიფოს სურს ინტერნეტის კონტროლი. ეს არ ეხება მხოლოდ ტვიტერს, არამედ ყველა დანარჩენს", - ამბობს არტიომი.

თანაქალაქელების პოზიციას იზიარებს მოსკოველი სერგეიც, რომელიც ამბობს, რომ ბრძოლას ინტერნეტის წინააღმდეგ აზრი არ აქვს.

"პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ. ხალხი მაინც ნახავს კომუნიკაციისა და ერთმანეთთან გაგზავნის გზას, ვთქვათ VPN გამოყენებით. ასე რომ, ისინი ჩემი აზრით ამას ვერ შეძლებენ", - ამბობს სერგეი რომელიც მოსკოვში ცხოვრობს თუმცა საკუთარ გვარს არ ამჟღავნებს.

"ტვიტერი" ამ დროისთვის დაბლოკილია ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთში და ირანში. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი "ტვიტერს" დაბლოკავს, ის სწორედ ამ ქვეყნების სიას შეუერთდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტვიტერი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში მოსახლეობისთვის არის დაბლოკილი და მას მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ საკუთარი განცხადებების გასავრცელებლად.

"ქლაბჰაუსი" - ახალი სოციალური ქსელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

"ტვიტერზე" ბევრი მიმდევარი არ ჰყავს თუმცა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას თავად ვლადიმირ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტის გვერდზე სიახლეები თითქმის ყოველდღიურად ახლდება. პუტინი მილიარდერმა ილონ მასკმა ახალ სოციალურ ქსელ "კლაბჰაუსში" სწორედ "ტვიტერის" მეშვეობით მიიწვია. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მიპატიჟებას ამ დრომდე არ დათანხმებია.

კრემლი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას საკუთარი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში ცდილობს. რუსეთში უკვე დაბლოკილია "ლინკდინი" და ათობით სხვა ვებგვერდი.

ამერიკული სოციალური პლატფორმა "ტვიტერი" კი მომდევნო კვირაში 15 წლის იუბილეს ზეიმობს. კომპანია უკვე 15 წელია არის ბაზარზე და მას 187 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია უახლოეს პერიოდში არაერთ სიახლეს აანონსებს. არ არის გამორიცხული 2021 წელს "ტვიტერმა" მომხმარებელს აუდიო კომუნიკაციის საშუალება მისცეს. სიახლეზე აქტიური მუშაობა სოციალურმა ქსელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაზარზე ახალი სოციალური პლათფორმა "კლაბჰაუსი" გამოჩნდა. მსგავსი სერვისის დამატებას "ტვიტერთან" ერთად "ფეისბუქიც" განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG