ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ანგარიშის შეჩერების შემდეგ, "ტვიტერის" აქციები 7%-ით დაეცა


მას შემდეგ, რაც “ტვიტერმა” შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში მუდმივად შეაჩერა, ორშაბათს ამ კომპანიის აქციები 7 პროცენტით დაეცა და მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარით შემცირდება.

აქციების ვარდნა, გასულ უქმეებზე ზოგიერთი რესპუბლიკელის მიერ ამ პლატფორმის კრიტიკას დაემთხვა. სავაურაოდ, ეს შემთხვევა კიდევ უფრო გააძლიერებს მოწოდებებს, რომ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს მეტი რეგულაციები დაუწესდეს.



ტრამპის ანგარიშს 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და მისი შეტყობინებების გადამრავლება, მილიარდებს ითვლიდა.

გასულ კვირაში, კაპიტოლიუმის ბორცვზე მომხდარი ძალადობრივი ქმედების შემდეგ, სოციალური მედიის სხვა პლატფორმებმაც, “ფეისბუქის” ჩათვლით, ეს ნაბიჯი გაიმეორეს და პრეზიდენტს მსგავსი აკრძალვები დაუწესეს.

თუმცა, “ტვიტერის” აქციებმა, სხვა პლატფორმებთან შედარებით, ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო.

ამერიკულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, სან-ფრანცისკოს პოლიცია “ტვიტერის” სათაო ოფისთან ტრამპის მომხრეების სავარაუდო პროტესტისთვის ემზადებოდა.

მომხდარს ევროპაშიც გამოეხმაურენ. ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თქვა, რომ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ სოციალური მედიის გამკაცრებული რეგულაციების ეპოქაში შეგვიყვანს. მან ეს ვითარება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ქმედებებს შეადარა.



“ის ფაქტი, რომ კომერციული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია შეერთებული შტატების პრეზიდენტს გამოთქმის საშუალება, ნებისმიერი შემოწმების და ბალანსის დაცვის გარეშე წაართვას, შემაცბუნებელია. ეს, არა მხოლოდ ამ პლატფორმების ძალას ადასტურებს, არამედ აჩვენებს იმის ღრმა სისუსტეს, თუ ციფრულ ეპოქაში ჩვენი საზოგადოება როგორ არის ორგანიზებული", - თქვა მან გამოცემა "პოლიტიკოში" გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბოლო წლებში, “ტვიტერი”, “ფეისბუქი” და “გუგლი”, საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული მასალების მოდერაციის (კონტროლის) მკვეთრად გაზრდილი ხარჯების წინაშე იდგნენ, რომელსაც დღემდე, რეკლამიდან და სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით აწონასწორებდნენ.

არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადრე სექტორის ლიდერების “გადამეტებულ ქედმაღლობას” აკრიტიკებდა და ანალიტიკოსები მოელიან, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, “ფეისბუქის” და სხვების წინააღმდეგ მეტი საკანონმდებლო ინიციატივა გაჩნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG