ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი დაძაბულობის ფონზე დონბასში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს დონბასში გაემგზავრა, სადაც ადგილზე რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს, ჰიბრიდულ ძალებსა და უკრაინის მხარეს შორის დაპირისპირება მწვავდება და იზრდება შეშფოთება, რომ შეტაკებები შესაძლოა ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ზელენსკი ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდება.

„სახელმწიფოს მეთაური მოინახულებს წამყვან პოზიციებს, სადაც ბოლო ხანს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტის რეჟიმი და სადაც მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „რადიო თავისუფლების“ თარგმანის მიხედვით.

კონფლიქტის ესკალაცია მარტის ბოლოდან მიმდინარეობს. პარალელურად, რუსეთის მხარემ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე, სამხედროების მობილიზაცია დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. სულ 2021 წლის დაწყებიდან დღემდე, 25 უკრაინელი სამხედროა გარდაცვლილი.

„მე მინდა ვიყო ჩვენს სამხედროებთან დონბასში მძიმე ვითარების დროს“, - განაცხადა ზელენსკიმ. „უკრაინას მშვიდობა სჭირდება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლის აპრილიდან მიმდინარეობს და მას 13,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზელენსკი დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდებს და მოსკოვს ბრალს დებს, რომ ის სამხედრო მობილიზაციას ახდენს მის აღმოსავლეთ საზღვარზე და ყირიმში. რუსეთი კი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ის „არავის ემუქრება“.

ზელენსკიმ კვირის დასაწყისში ნატოს მიმართა, რომ დააჩქაროს ქვეყნის წევრობის განხილვა. მისი. თქმით, ეს კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზაა. ალიანსის წევრებმა განაცხადეს, რომ კიევმა უნდა გააგრძელოს სამხედრო და თავდაცვის რეფორმა. შეერთებული შტატების თქმით კი ეს „ნატოს გადასაწყვეტია“.

რთული სათქმელია, თუ რას მოჰყვა ესკალაცია. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვი, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ცდის. ჯო ბაიდენმა, ამ თვეში ზელენსკისთან პირველ სატელეფონო საუბარში, ხაზი გაუსვა ვაშინგტონის „ურყევ მხარდაჭერას“ უკრაინის მიმართ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG