ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. თეთრმა სახლმა მისი კომენტარისგან უკან არ დაიხია და 21 ივნისს თქვა, რომ პრეზიდენტის "გულწრფელი" განაცხადი გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.
"სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ პრეზიდენტი ჩინეთის და მასთან ჩვენი განსხვავებების შესახებ გულწრფელად საუბრობს. ამ აზრის მარტო ჩვენ არ ვართ" - უთხრა "ამერიკის ხმას" თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
20 ივნისს, საპრეზიდენტო კამპანიისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის შეხვედრაზე, ბაიდენმა ისაუბრა ჩინეთთან რამდენიმე ხნის წინ მომხდარ ინციდენტზე. თებერვალში, შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში მყოფი ჩინური საჯაშუშო აეროსტატი ამერიკის ძალებმა ჩამოაგდეს, რაზეც ბაიდენმა თქვა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი საქმის კურსში არ იყო.
"ეს დიდი სირცხვილია დიქტატორებისთვის, როცა მათ არ იციან, თუ რა მოხდა" - აღნიშნა ბაიდენმა. "როცა ის ჩამოგდებულ იქნა, მას ძალიან შერცხვა. მის იქ ყოფნასაც კი უარყოფდა" - განაცხადა დახურულ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი არ დააყოვნა და მომხდართან დაკავშირებით ღრმა უკმაყოფილება გამოხატა. საგარეო უწყების განცხადებით, ბაიდენის კომენტარებმა "სერიოზულად დააზიანა ჩინეთის პოლიტიკური ღირსება და ეს საჯარო პოლიტიკურ პროვოკაციის ტოლფასია".
მსგავსი განცხადებები შეერთებული შტატების მხრიდან, "ძალზე გაუგებარი და უპასუხისმგებლოა. ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ მთავარ ფაქტებს, დიპლომატიურ პროტოკოლს და ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა, 20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
საარჩევნო კამპანიისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით გამართულ შეხვედრებზე პრესა, როგორც წესი, არ დაიშვება. თუმცა, თეთრმა სახლმა ამ შეხვედრაზე ბაიდენის სიტყვის ტრანკრიფცია სრულად გამოაქვეყნა.