ჩინეთი უარყოფს ამერიკის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მას კუბაში ჯაშუშური ბაზა აქვს შექმნილი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა უანგ უენბინმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ბრალდებები მცდარია და ამერიკის შეერთებული შტატები არათანმიმდებრულ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებს. უანგის განცხადებას წინ უძღოდა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩინეთი გარკვეული ხნის განმავლობაში საჯაშუშო ოპერაციებს კუბაში, ფლორიდის შტატიდან 200 კილომეტრში ახორციეელებდა.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარლოს ფერნანდეს დე კოსიო ამ ცნობებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ცილისმწამებლური სპეკულაციაა".
ჩინეთს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესტუმრება. პეკინში ვიზიტის შესახებ წინა გეგმები გასულ თებერვალში ჩაიშალა. ამის მიზეზი მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების თავზე ჩინური ჯაშუშური საჰაერო ბუშტის აღმოჩენა იყო.