ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ "ჭორების გავრცელება და ცილისწამება" არის შეერთებული შტატების "ჰაკერული იმპერიის" ტაქტიკა. ეს განცხადება ოფიციალურმა პეკინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა მიაღწია შეთანხმებას კუბასთან კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის შექმნის შესახებ.
ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, "უოლ-სტრიტ ჯორნალმა" დაწერა, რომ ასეთი ჯაშუშური ინსტალაცია პეკინს საშუალებას მისცემს შეაგროვოს ელექტრონული კომუნიკაცია შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ეს ტერიტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ იქაა განთავსებული მრავალი ამერიკული სამხედრო ბაზა. ამერიკული მედიის ცნობით, ჩინეთს ასევე საშუალება ექნება დააკვირდეს გემების მოძრაობას და გადადგილებას.
პუბლიკაციის მიხედვით, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კუბამ და ჩინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას და ჩინეთი კუბას "რამდენიმე მილიარდ დოლარს" გადაუხდის, რათა მის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეთი სადგური მოაწყოს.
ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, სააგენტო "როიტერს" ხუთშაბათს უთხრა, რომ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია "არ იყო სწორი", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა არის პუბლიკაციაში სინამდვილე და რა არა.
"როგორც ყველამ ვიცით, ჭორების გავრელება და ტყუილები ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილი ტაქტიკაა",- თქვა ვანგ ვენბინმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. "ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ყველაზე ძლიერი ჰაკერული იმპერიაა მსოფლიოში", - ამბობენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.
თუ გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო შეთანხმების შესახებ მართალია, მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის გეგმებზე.