ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ჩინეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს, 19 ივნისს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება პასუხისმგებლობით მართონ ურთიერთობა. ენტონი ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პეკინში შეხვედრების დროს, ჩინელ ლიდერებს უთხრა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ჩართულობა საუკეთესო გზაა უთანხმოება კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

პეკინში, ჟურნალისტებთან საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ ორშაბათს ჰქონდა გულწრფელი და არსებითი დისკუსიები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ჩინელ დიპლომატ ვანგ ითან.

„მომავალ კვირებში ველოდები აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დამატებით ვიზიტებს ჩინეთში“, - თქვა ბლინკენმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი მიესალმება ჩინეთის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში შემდგომ ვიზიტებს.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებით კმაყოფილია.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მან შეშფოთება გამოთქვა ტაივანის სრუტეში ჩინეთის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას და რომ იგი კვლავაც ელოდება მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების მშვიდობიან გადაწყვეტას.

ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე, მათ შორის, ხაზი გაუსვა საერთაშორისო შეშფოთებას სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში ადამიანებისადმი არასწორ მოპყრობასთან დაკავშირებით. ბლინკემა ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე ჩინეთში ამერიკის მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებაც ისაუბრა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს ჩინეთთან ორმხრივი ინტერესის სფეროებში. ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სურსათის უსაფრთხოება და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევის „სამუშაო ჯგუფი“ ჩამოაყალიბონ ფენტანილის უკანონო ნაკადის პრობლემის გადასაჭრელად.

ბლინკენი, რომელიც პეკინში კვირას ჩავიდა, ამერიკის უმაღლესი დონის ოფიციალური პირია, რომელიც ჩინეთს 2018 წლის შემდეგ ეწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG