პენტაგონის ცნობით, შეერთებული შტატების მიერ ნიგერიაში აშენებული ავიაბაზა დღეიდან სრულად ამოქმედდა. ამ კვირაში ბაზამ პირველი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები მიიღო. ინფორმაცია "ამერიკის ხმას" შეერთებული შტატების აფრიკის შტაბის მეთაურმა დაუდასტურა.
"აფრიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ დასავლეთ აფრიკიდან მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაზე. ამ ბაზის აშენება ჩვენს აფრიკელ პარტნიორებში ინვესტიციის და რეგიონში უსაფრთხოების საერთო ინტერესების დასტურია", - თქვა გენერალმა სტივენ ტაუნსენდმა, შეერთებული შტატების აფრიკის შტაბის მეთაურმა.
ნიგერიაში და მის ახლომდებარე ქვეყნებში რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება მოქმედებს, რომელთა შორის ე.წ. "ისლამური სახელმწიფოცაა". შეერთებული შტატები ნიგერიაში დრონებს აქამდეც აგზავნიდა, მაგრამ ახალი ბაზა გაცილებით დიდ მასშტაბს მოიცავს და გააფართოებს წვდომას სხვა ქვეყნებზე, როგორიცაა მაგალითად, კამერუნი და ჩადი.
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს ეს პროექტი $110 მილიონი დაუჯდა. ის უმკაცრეს ბუნებრივ პირობებში, შუაგულ უდაბნოშია აშენებული. აგადეზში მდებარე ავიაბაზა-201-ის მშენებლობა ცოტა ადრე დასრულდა, მაგრამ მისი გახსნა და სრული დატვირთვით ამუშავება უამინდობის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.
აგადეზის ბაზას ნიგერიის ძალები აკონტროლებენ. შეერთებულ შტატებს დაახლოებით 15-კილომეტრიანი პერიმეტრის მხოლოდ 20 პროცენტის ექსკლუზიურად კონტროლის უფლება აქვს. იქ რამდენიმე ასეული ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული. თვითმფრინავების რაოდენობაზე კი პენტაგონი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს.
Facebook Forum